ინფანტინოსთან დაპირისპირება ღრმავდება - UEFA-ს არჩევნებზე კანდიდატის გაყვანა სურს
FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ხელახალი არჩევას ოფიციალურად უკვე 200-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმების სკანდალის შემდეგ ორგანიზაციის გარშემო დაძაბულობა არ ცხრება.
The Guardian-ის ინფორმაციით, FIFA-ს 211 წევრი ასოციაციიდან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას არ გაუგზავნია ინფანტინოს მხარდამჭერი წერილი. ამ ეტაპზე ყველაზე გამორჩეული მათ შორის გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ინფანტინო მარტში დაგეგმილ FIFA-ს კონგრესზე, დიდი უპირატესობით, ზედიზედ მეოთხე ვადით უნდა აირჩიონ.
კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 18 ნოემბერია. ამ დრომდე წევრ ასოციაციებს შეუძლიათ როგორც მხარდაჭერის წერილის გაუქმება, ისე სხვა კანდიდატისთვის გადამისამართება. თუმცა, ამ დროისთვის ინფანტინოს კონკურენტი საერთოდ არ ჰყავს.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე ფეხბურთის ასოციაცია ფიქრობს, რომ FIFA-ს მხრიდან მათზე მუდმივი ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა მხარდაჭერა ოფიციალურად დაედასტურებინათ. თეორიულად, მსგავსი ქმედება FIFA-ს ეთიკის კოდექსს ეწინააღმდეგება.
ინფანტინოს დამარცხებას, პრაქტიკულად, მხოლოდ უპრეცედენტო პოლიტიკური ცვლილება თუ შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ აღიარა, FIFA-ს ფოლარინ ბალოგუნის წითელი ბარათის გადახედვა სთხოვა, უკმაყოფილების მთავარი კერა ევროპის ფეხბურთის ასოციაციები და UEFA რჩებიან.
თუმცა, FIFA-ს პრეზიდენტს ევროპის სრული მხარდაჭერა არც სჭირდება. მსოფლიოს სხვა კონტინენტების უმრავლესობამ უკვე დაუჭირა მას მხარი, ხოლო ევროპული ასოციაციების დიდ ნაწილსაც მხარდაჭერის წერილი უკვე გაგზავნილი აქვს. მათ შორის არის ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაც.
ბოლო 10 დღის განმავლობაში დახურულ შეხვედრებზე აქტიურად განიხილება UEFA-ს მხარდაჭერილი ერთიანი კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია.
UEFA-მ ბოლო პერიოდში FIFA არაერთ საკითხზე გააკრიტიკა, მათ შორის ფოლარინ ბალოგანის საქმესა და სომალელი არბიტრის, ომარ არტანის, მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩამოშორების გამო. მიუხედავად ამისა, უცნობია, დაუჭერს თუ არა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ოფიციალურად რომელიმე ალტერნატიულ კანდიდატს მხარს.
ევროპულ ფეხბურთთან დაახლოებული წყაროების შეფასებით, თუნდაც ისეთი კანდიდატი, რომელიც მხოლოდ 30-40 ხმას მოაგროვებს, საკმარისი იქნება, რათა FIFA-ს მართვისა და ორგანიზაციის მომავალი მიმართულების შესახებ სერიოზული საჯარო დისკუსია დაიწყოს.
FIFA-ს წევრი ასოციაციები შაბათს ნიუ-იორკში შეიკრიბებიან, თუმცა შეხვედრას თავად ჯანი ინფანტინო უხელმძღვანელებს, რის გამოც ბოლო დროის გახმაურებული სკანდალები, სავარაუდოდ, დღის წესრიგში არ მოხვდება. მთავარი განსახილველი საკითხი მსოფლიო ჩემპიონატის ფინანსური შედეგები და ის სარგებელი იქნება, რომელიც შემდგომში წევრ ასოციაციებზე შეიძლება გადანაწილდეს.