ბაჯოს და გუარდიოლას ყოფილი კლუბი - ბრეშამ არსებობა შეწყვიტა
ქალაქ ბრეშას სასამართლომ ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის ლიკვიდაციის შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა, რითაც „ბრეშას“ 115-წლიანი ისტორია დასრულდა. იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო გუნდის გაკოტრება, რომლის ღირსებასაც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში რობერტო ბაჯო და პეპ გუარდიოლა იცავდნენ, 20 მილიონი ევროს ოდენობის დავალიანებამ გამოიწვია.
„ბრეშას“ პრობლემები წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც ხელფასების და სოციალური უზრუნველყოფის გადასახადების დაფარვა ვერ მოხერხდა. სპეციალური გამოძიების შემდეგ, კლუბს სპორტული სანქციები დაუწესეს, 8 ქულა ჩამოაკლეს და ქვედა დივიზიონში დააქვეითეს, რამაც ისედაც ურთულესი ფინანსური მდგომარეობა, კიდევ უფრო გააუარესა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ „ბრეშამ“ სერია C-ში რეგისტრაცია ვერ გაიარა და სერია A-ს ლიცენზია დაკარგა, რითაც გადარჩენის ყველანაირი შანსი ხელიდან გაუშვა.
ცნობისათვის, კლუბის პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ სასამართლოში სიტყვით გამოსვლის დროს შეეცადა მოსამართლე დაერწმუნებინა იმაში, რომ უმოკლეს დროში ხელეწიფებოდა ვითარების გამოსწორება, კრედიტორებთანაც სცადა შეთანხმების დადება, მაგრამ მისი არგუმენტები სერიოზულად არ აღიქვეს და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ბრეშას“ ლიკვიდაცია გამოცხადდა.