დინამო ბათუმი
Aa
Aa

„გუნდს სატრანსფერო შეზღუდვა აქვს“ - ბათუმის დინამოს განცხადება

ბათუმის „დინამო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ FIFA-ში, გუნდის ყოფილი ფეხბურთელების საჩივრის გამო, კლუბს 2026 წლის ივნისამდე ტრანსფერების განხორციელება აკრძალული აქვს.

ამასთან, კლუბის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ყველა ფეხბურთელის მიმართ დავალიანების დაფარვის პროცესი დაიწყო, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდბა.

რა წერია განცხადებაში:

ბათუმის დინამოს ყოფილი ფეხბურთელების მხრიდან, გასულ წლებში არსებული დავალიანებების გამო FIFA-ში შეტანილი საჩივრების გათვალისწინებით, 2025 წლის პირველი ივნისიდან, 2026 წლის ივნისამდე, კლუბს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან სატრანსფერო შეზღუდვა აქვს დაწესებული.

2025 წლის დეკემბრიდან, დინამოს სააქციო საზოგადოება დბ 1923-ის მმართველობაში გადასვლისთანავე, ახალი მენეჯმენტის პირობებში, FIFA-სა და საქართვლოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში არსებული ყველა დავალიანების შესწავლისა და დაფარვის პროცესი დაიწყო.

კლუბს სატრანსფერო შეზღუდვა FIFA-ს მხრიდან საფეხბურთო კლუბ ანკარაგუჩუს, ასევე ფეხბურთელების: კირილო მელიჩენკოს, მესი ბიატუმუსოკას, გიტის პაულაუსკასის, ვანდერსონ სილვას, ედმუნდ არკო-მესასა და ალექს სანტოსის მიმართვის საფუძველზე აქვს დაწესებული. აღსანიშნავია, რომ ვანდერსონ სილვას შემთხვევაში FIFA-მ სადისციპლინო სანქცია გამოიყენა, რაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სასჯელს წარმოადგენს.

თურქულ კლუბთან და თითოეულ ზემოაღნიშნულ ფეხბურთელთან მორიგების აქტი გაფორმდა, რის საფუძველზეც, 2026 წლის 20 იანვრის მონაცემებით, დავალიანებები სრულადაა დაფარული.

ახალი მენეჯმენტის პირობებში, FIFA-ს სატრანსფერო შეზღუდვის მოხსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა მიუხედავად დავალიანებების სრულად დაფარვისა, 2026 წლის 21 იანვრის მონაცემებით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ბათუმის დინამოს მიმართ სატრანსფერო შეზღუდვა კვლავაც ძალაში დატოვა.

ბათუმის დინამო აქტიურ რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამის ჯგუფთან და ორგანიზაციასთან, რათა ახალი მენეჯმენტის პირობებში, კლუბის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება მოსარჩელე მხარეებისა თუ სამართლიანი თამაშის წესების მიმართ FIFA-ს მხრიდან კიდევ ერთხელ შეფასდეს, რაც არსებული გადაწყვეტილების გადახედვის იმედს გვიტოვებს.

სატრანსფერო შეზღუდვის მიუხედავად, დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონისათვის თურქეთის ქალაქ ანტალიაში, 27 ფეხბურთელით აქტიურად ემზადება.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს გასხვისების პროცესი ოფიციალურად დასრულდა. კლუბი ადასტურებს, რომ დინამო ბათუმის 100%-იანი წილი სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923-მა შეიძინა. სააქციო საზოგადოებამ დინამო ბათუმის 100%-იანი წილი 30 მილიონიანი ვალდებულებისა და კლუბის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების საფუძველზე მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები