არნახული ანაზღაურება - ნანი აქტობეში მიდის
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ნანი მზადაა საფეხბურთო კარიერა განაახლოს. აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ 39 წლის ნახევარმცველმა 2024 წელს გამოაცხადა, თუმცა ახლა ყაზახეთის „აქტობედან“ იმდენად სარფიანი წინადადება მიიღო, რომ მზადაა ვარჯიში განაახლოს და ახალ კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.
უახლოეს დღეებში იგეგმება ნანის ვიზიტი აქტობეში და იმ შემთხვევაში თუ ქალაქი და კლუბის ბაზა მოეწონება, ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ანაზღაურება 840 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო ყოველთვიურად 70 ათასს აიღებს, რის შემდეგაც პორტუგალიელი ყაზახეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. აქვე გეტყვით, რომ ყაზახეთში ნანი მხოლოდ ფეხბურთელობით არ შემოიფარგლება - ის მოთამაშე-მენეჯერი და კლუბის ელჩი იქნება, რითაც მთელ მსოფლიოში „აქტობეს“ პოპულარიზაციაზე იზრუნებს.
საიდან გაუჩნდა „აქტობეს“ ამდენი ფული? ცოტა ხნის წინ კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი სამშენებლო კომპანია Qazaq Stroy Properties-ის გენერალურმა დირექტორმა ნურლან არტიკბაევმა შეიძინა, რომლის ქონებაც 228 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ ლუიშ ნანიმ კარიერის საუკეთესო პერიოდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, სადაც ოთხჯერ ინგლისის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის ლიგის თასი, ოთხჯერ ქვეყნის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.