მეორე ყვითელი ბარათები და კუთხურები | VAR-ის ფუნქციები ფართოვდება
საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის საბჭომ (IFAB) მხარი დაუჭირა ვიდეორეფერის სისტემის გაფართოებას, რომელიც მეორე ყვითელი ბარათების და კუთხურების ეპიზოდებში ჩარევას ითვალისწინებს, „თუ ეს მატჩის ტემპს არ დააგდებს“. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს.
ცვლილებები თამაშის შეყოვნებასთან ბრძოლასაც ითვალისწინებს, ამიტომ IFAB-ის გადაწყვეტილებით, წესი, რომელიც მეკარეებს ბურთის თამაშში ჩართვას 8 წამის განმავლობაში ავალდებულებდა, კარიდან დარტყმებსა და აუტებზეც გავრცელდება.
IFAB-ის განცხადებით, მეორე ყვითელი ბარათის შემთხვევაში ვიდეორეფერი საქმეში მხოლოდ მაშინ ჩაერთვება, თუ „არსებობს აშკარა მტკიცებულება“ იმისა, რომ ბარათი სხვა ფეხბურთელმა მიიღო და ამის გამო გაძევება დაიმსახურა.
რაც შეეხება კუთხურებს, მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, თუ ის „აშკარად მცდარია, მაგრამ შემოწმების პროცესი უნდა იყოს სწრაფი და არ აჭიანურებდეს მატჩის განახლებას“.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც უახლოეს მომავალში ფეხბურთელებს შეეხებათ, უკავშირდება შეცვლილი მოთამაშის მოედნიდან გასვლის პროცესს - ახალი წესის თანახმად, შეცვლილმა ფეხბურთელმა მოედანი მაქსიმუმ 10 წამში უნდა დატოვოს.
The Guardian-ის ცნობით, IFAB-მა ცვლილებებს მხარი გუშინდელ შეხვედრაზე დაუჭირა, ხოლო ოფიციალურად ახალი წესები მომდევნო თვეში, ორგანიზაციის ყოველწლიურ გენერალურ ყრილობაზე დამტკიცდება.