„ნამდვილი სირცხვილია“ - ლაპორტა FIFA-ს კალენდარის გამო აკრიტიკებს
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ფიფა მკაცრად გააკრიტიკა „ბლაუგრანას“ გარემარბის, რაფინიას ტრავმის გამო, რომელიც ფეხბურთელმა საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (1:2) მიიღო. ბრაზილიელი 5 კვირით დაშავდა და სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩებს გამოტოვებს.
„რაფინიას ტრავმა ნამდვილი სირცხვილია. ფიფამ კალენდარი იმის გათვალისწინებით უნდა შეადგინოს, რომ მოთამაშეები დიდ კლუბებში გამოდიან. ეს ამხანაგური მატჩი იყო და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ტრავმას იღებს. რა თქმა უნდა, ეს გამაღიზიანებელია.
მოთამაშეებს ვერ დავადანაშაულებთ. ისინი პროფესიონალები არიან და თავიანთი ქვეყნისთვის ყველაფერს გაიღებენ. პრობლემა გადატვირთულ კალენდარშია, მით უმეტეს სეზონის ასეთ პერიოდში, როცა ყველა ტიტულისთვის ვიბრძვით. ეს აღმაშფოთებელია!“
– განაცხადა ლაპორტამ Mon Esport-თან ინტერვიუში.
აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონას“ რაფინიას გარდა „ატლეტიკოსთან“ ლა ლიგაში და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ისევ „როხიბლანკოსთან“ პირველ 1/4-ფინალურ შეხვედრაში ფრენკი დე იონგიც დააკლდება.
თუმცა არის პოზიტიური ამბებიც - ჟიულ კუნდემ და ალეხანდრო ბალდემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს და სავარაუდოდ, თამაშის უფლებას ორივე მათგანი მიიღებს.
რაც შეეხება რაფინიას, ბრაზილიელი საუკეთესო შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩისთვის (5-6 მაისი) დაბრუნდება, თუ რა თქმა უნდა, „ბარსა“ იქამდე მიაღწევს.