ივა გელაშვილი
Aa
Aa

ეს მხოლოდ დასაწყისია | გელაშვილი სადებიუტო გოლსა და გუნდის მიზანზე

საბერძნეთის სუპერ ლიგაში პანსერაიკოსმა კიფისია 2:1 დაამარცხა. პანსერაიკოსის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ივა გელაშვილმა შეასრულა, რომელმაც 59-ე წუთზე შეტევაში ჩაერთო, ახლო მანძილიდან მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ მისმა გუნდმა 3 ქულა მოიპოვა.

 

მატჩის შემდეგ ივა გელაშვილს Novasports-ის რეპორტიორი ესაუბრა.

- საბერძნეთში პირველი გოლი გაიტანე. დღეს ძირითად შემადგენლობაში იყავი. როგორ გრძნობ თავს ამ გამარჯვებისა და გოლის შემდეგ?

თავს კარგად ვგრძნობ. ეს გამარჯვება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვფიქრობ, ამ შედეგზე დაშენება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გავიტანე, მაგრამ ისევე ბედნიერი ვიქნებოდი, გოლი სხვას რომ გაეტანა. ჩვენ გუნდი ვართ, ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ. ეს გამარჯვება ყველას ეკუთვნის: მთელ გუნდს და მთელ ქალაქსა და გულშემატკივრებს.

- ზედიზედ 10 მარცხის შემდეგ ეს თქვენი პირველი გამარჯვებაა. როგორ გრძნობს თავს გუნდი და რას ფიქრობთ მომავალ მატჩებზე?

თავს კარგად ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დღევანდელი მოგება კარგია, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ეს მხოლოდ დასაწყისია.

- ფიქრობთ, რომ კლუბის გადარჩენას შეძლებთ? წინ ხომ ჯერ კიდევ ბევრი მატჩია.

დღეს 3 ქულა ავიღეთ. მჯერა, რომ ამ დივიზიონში ადგილს უპრობლემოდ შევინარჩუნებთ.

- თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ გოლის მომენტი, როგორ აღმოჩნდით თავდამსხმელის პოზიციაზე და როგორ შეძელით გატანა?

საჯარიმო დარტყმა გვქონდა. დავინახე, რომ ბურთი ჩემგან შორს მიდიოდა, ამიტომ ოდნავ უკან დავრჩი იმ იმედით, რომ ასხლეტილ ბურთს დავეუფლებოდი. ასეც მოხდა, ბურთი პირდაპირ ჩემთან მოვიდა და მომენტი დავასრულე''.

მიმდინარე სეზონში გელაშვილმა საბერძნეთის ჩემპიონატის 17 მატჩიდან 11-ში მიიღო მონაწილეობა, აქედან 10 შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა.

ნოემბერსა და დეკემბერში ქართველი მცველი ზედიზედ 6 მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დარჩა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, გუნდმა ჩემპიონატში 2 მატჩი ჩაატარა, ივა პანათინაიკოსთან შეცვლაზე შევიდა, დღეს კი სასტარტო 11-ში შეუცვლელად ითამაშა.

საბერძნეთის 14-გუნდიან ჩემპიონატში პანსერაიკოსი 8 ქულით ბოლო ადგილზეა. უშუალო კონკურენტს, რომელსაც 2 ქულით ჩამორჩება, მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძემ ასისტი მიითვალა - ფროზინონე მონცას დაუზავდა
კვერნაძემ ასისტი მიითვალა - ფროზინონე მონცას დაუზავდა