ნაკლები სირბილი, მეტი ენერგია შეტევისთვის | მარსელინომ მიქაუტაძეზე ისაუბრა
ლა ლიგის მე-20 ტურში „ვილიარეალი“ „ბეტისს“ ესტუმრება. მატჩისწინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და ქართველი ფორვარდის პროგრესი შეაფასა.
მარსელინოს თქმით, მიქაუტაძის ადაპტაციის პერიოდი სრულიად ბუნებრივია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ გუნდმა ზაფხულში დაგეგმილზე მასშტაბური რეორგანიზაცია განიცადა: „ეს ლოგიკური პროცესია. ჩვენ იმაზე მეტი ცვლილება განვახორციელეთ შემადგენლობაში, ვიდრე ვგეგმავდით, რაც ბაზრის პირობებმა განაპირობა. გიორგის მოუწია ახალ ლიგასთან და განსხვავებულ სათამაშო სტილთან შეგუება — ეს ყველაფერი ერთ დღეში არ ხდება. ის ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, ადაპტაციის პარალელურად, მისი შედეგიანობაც მოიმატებს.“
გამოცდილმა სპეციალისტმა ყურადღება ქართველის ტაქტიკურ დავალებებზეც გაამახვილა. მარსელინოს სურს, რომ მიქაუტაძემ ენერგია უფრო რაციონალურად გამოიყენოს: „ვცდილობთ, თავდამსხმელმა დაცვაში ნაკლები, მაგრამ უფრო ეფექტური სამუშაო შეასრულოს. აქამდე ის ბევრს დარბოდა, თუმცა დაბალი პროდუქტიულობით. ახლა სწორედ ენერგიის დაზოგვასა და მის სწორ გადანაწილებას ვთხოვთ. გიორგი ბრწყინვალე თვისებების მქონე მოთამაშეა. იმედი მაქვს, ბოლო მატჩების მაღალ დონეს შეინარჩუნებს.“
მიუხედავად იმისა, რომ ესპანური მედია პერიოდულად მიქაუტაძის არასტაბილურობაზე ამახვილებს ყურადღებას, 25 წლის ფორვარდის სადებიუტო სეზონის ციფრები შთამბეჭდავია. მიმდინარე გათამაშებაში გიორგის ანგარიშზე 21 მატჩში 7 გოლი და 3 საგოლე პასია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გოლები გრანდების წინააღმდეგ: ქართველმა ლა ლიგაში მადრიდის „რეალს'' გაუტანა, ჩემპიონთა ლიგაზე - ტურინის „იუვენტუს''. მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაშია, მან ბოლო ორ ტურში „ელჩესა“ და „ალავესს'' შეუგდო.