ჯოკოვიჩი: “როცა ჯანმრთელი ვარ, შემიძლია ნებისმიერი დავამარცხო“
ნოვაკ ჯოკოვიჩის განცხადებით მიმდინარე წლის ავსტრალიის ღია პირველობა 25-ე დიდი სლემის მოსაგებად ბოლო შანსი არ არის.
ცხადია, ბოლო წლებში სერბი სუპერვარსკვლავი ისეთი ძლიერი ვეღარ არის, როგორც ახალგაზრდულ წლებში, თუმცა არავის გაუკვირდება, თუ ის დიდ სლემს ისევ მოიგებს.
ჯოკოვიჩი:
„25-ე ტიტულზე ბევრი საუბარია, მაგრამ მე ვცდილობ ყურადღება იმაზე გავამახვილო, რასაც უკვე მივაღწიე და არა იმაზე, რაც შესაძლოა მომავალში მოვიგო. იმედი მაქვს ამას შევძლებ, მაგრამ არც 24-ია ცუდი რიცხვი. ეს უნდა დავაფასო და საკუთარ თავს შევახსენო, როგორი საოცარი კარიერა მქონდა.“
38 წლის ლეგენდას არასდროს დაუმალავს, რომ მას გაცილებით დიდი ისტორიის დაწერა სურს, თუმცა ახლა ზედმეტი წნეხის შემცირებას ცდილობს.
„არ ვფიქრობ, რომ ჩემთვის აუცილებელია ‘ყველაფერი ან არაფერი’ ან ‘ახლა ან არასდროს’ მენტალიტეტი. ასეთი მიდგომა არ მაძლევს საშუალებას, ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო.“
„ვიცი, რომ როცა ჯანმრთელი ვარ და როცა კონკრეტულ დღეს პაზლის ყველა ნაწილი ერთიანდება, შემიძლია ნებისმიერი დავამარცხო. თუ ეს რწმენა და თავდაჯერება არ მექნებოდა, აქ საერთოდ არ ვიქნებოდი.“
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში 10-ჯერ აქვს მოგებული, რაც ამ ტურნირზე ისტორიაში საუკეთესო შედეგია, ჯამში კი 24 დიდი სლემის ტურნირს ითვლის.
ცნობისთვის, ლეგენდარული სერბი მიმდინარე წლის ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ATP რეიტინგის 71-ე ნომერს, ესპანელ პედრო მარტინესს დაუპირისპირდება.