სუპერდემბელე და პსჟ-ის გამარჯვება - კვარამ 63 წუთი ითამაშა
საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის XVIII ტური „პარკ დე პრენსზე“ გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა პსჟ-მა „ლილი“ კლასის ხარჯზე, ზედმეტი პრობლემების გარეშე 3:0 დაამარცხა. მასპინძლების შემადგენლობაში საუკეთესო უსმან დემბელე იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. განსაკუთრებული სილამაზის კი მისი მეორე გოლი გახლდათ, როდესაც სტუმართა მცველებს თავბრუ დაახვია, ხოლო შემდეგ მათ თურქ მეკარეს ბერკე ოზერს ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბრედლი ბარკოლამ დააფიქსირა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს მისი საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მოედანზე 63 წუთი გაატარა და ლუის ენრიკემ ბრედლი ბარკოლათი შეცვალა. კვარამ სიტუაცია მხოლოდ ერთხელ, მე-18 წუთზე გაამწვავა, თუმცა სახიფათო გარღვევა საბოლოოდ კარში დარტყმით ვერ დაასრულა. ხვიჩამ ათბალიანი შეფასებით 6.8 ბალი მიიღო, პასები 82-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა, ერთი საკვანძო გადაცემა შეასრულა, ბურთს 48-ჯერ შეეხო და დრიბლინგის სამი მცდელობიდან ორი წარმატებით დაასრულა.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 24 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 6 გოლი და 5 საგოლე პასია. შემდეგ მატჩს „პარი სენ-ჟერმენი“ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგთან“ ჩაატარებს, ლიგა 1-ის მომდევნო ტურში კი 23 იანვარს, სტუმრად „ოსერს“ დაუპირისპირდება.