„კიტეიშვილი ადაპტაციის გავლაში მეხმარება“ - მამაგეიშვილი შტურმში დებიუტის შემდეგ
გიზი მამაგეიშვილმა „შტურმის“ რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა - ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი „კოპენჰაგენთან“ მატჩში მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა და კიდევ ერთი ქართველი, ოთარ კიტეიშვილი შეცვალა. დღეს კი მამაგეიშვილმა „შტურმის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში ადაპტაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
„გუნდის წევრად თავი ძალიან სწრაფად ვიგრძენი, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. ყველამ ძალიან თბილად მიმიღო, რამაც ძალიან გამიადვილა ადაპტაცია. იმედია, ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება.
საწვრთნელი შეკრება ყოველთვის ძალიან ინტენსიურია, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური კუთხით. გუნდთან ადაპტაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. უფრო მეტი გავიგე გუნდის დინამიკაზე, მენტალიტეტსა და დასახულ მიზნებზე.
შრომისმოყვარე ფეხბურთელი ვარ, რომელიც საქმეში მთელ სულს დებს და ცდილობს მწვრთნელის დავალება მაქსიმალურად ზუსტად შეასრულოს. გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება და ყოველდღე ვმუშაობ იმისათვის, რომ ჩემი საუკეთესო შესაძლებლობები ვაჩვენო.
კიტეიშვილი კარგი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია. ის მეხმარება ადაპტაციის სწრაფად გავლაში და ყველაფერს აკეთებს, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო და მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქრო. მისი ლიდერის თვისებები გარედანაც ჩანს, ახლა კი როდესაც ახლოდან გავიცანი, ამაში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი.
დავესწარი „ცრვენა ზვეზდასთან“ მატჩს და ტრიბუნებზე ფანტასტიკური ატმოსფერო იყო, ამიტომ მოუთმენლად ველოდები ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშის შესაძლებლობას. მინდა, ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ, რაც ამ გუნდთან ერთად ძალიან რეალური ამოცანაა“.
ცნობისთვის, მამაგეიშვილი „იბერია 1999“-ის აკადემიის აღზრდილია, გრაცის „შტურმს“ კი მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა.