ზუსტად იცის გამარჯვების ფორმულა | იუნაიტედმა კერიკის დანიშვნა დაადასტურა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მთავარ მწვრთნელად მაიკლ კერიკი დანიშნა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, კერიკი მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეზონის ბოლომდე იმუშავებს. კლუბის ყოფილი ნახევარმცველი, რომელმაც წითელი ეშმაკების ფორმით 464 მატჩი ჩაატარა და თითქმის ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგა ხუთჯერ და ჩემპიონთა ლიგა, მშობლიურ გარემოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე უბრუნდება.
კერიკის სამწვრთნელო კარიერა „ოლდ ტრაფორდზე“ 2018 წელს დაიწყო, ჟოზე მოურინიოსა და ოლე გუნარ სულშერის შტაბში მუშაობდა. სულშერის გადადგომის შემდეგ მან დროებითი მწვრთნელის როლიც მოირგო, ბოლო ორწელიწადნახევარი კი „მიდლსბროს“ წარმატებით ხელმძღვანელობდა.
თავის პირველ კომენტარში ახალდანიშნულმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „მან. იუნაიტედის“ გაძღოლა მისთვის უდიდესი პატივია. კერიკის თქმით, ის კარგად იცნობს გუნდის შიდა სამზარეულოს და სჯერა არსებული შემადგენლობის პოტენციალის. მისი მთავარი მიზანი ფეხბურთელებისთვის იმ მაღალი სტანდარტების დაბრუნებაა, რასაც გულშემატკივარი კლუბისგან სამართლიანად ითხოვს.
საფეხბურთო დირექტორმა ჯეისონ უილკოქსმა ხაზი გაუსვა კერიკის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ მაიკლმა ზუსტად იცის გამარჯვების ფორმულა. კერიკის სამწვრთნელო გუნდში სტივ ჰოლანდი, ჯონათან ვუდგეიტი, ტრავის ბინიონი, ჯონი ევანსი და კრეიგ მოსონი შევიდნენ.
კლუბმა ასევე მადლობა გადაუხადა დარენ ფლეტჩერს, რომელიც ბოლო კვირის განმავლობაში გუნდს ხელმძღვანელობდა. ფლეტჩერი მუშაობას 18-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად განაგრძობს და კვლავინდებურად იქნება პასუხისმგებელი ახალგაზრდა ტალანტების აღზრდაზე.