„ბრწყინვალედ ვითამაშეთ, ვამაყობ ჩემი გუნდით“ - ენრიკეს მოულოდნელი კომენტარი
რამდენიმე საათის წინ მოხდა ისეთი რამ, რაც ლუის ენრიკეს „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ აქამდე არასოდეს მომხდარა - ასტურიელი სპეციალისტის მომზადებული დედაქალაქური გრანდი შიდა სათასო ტურნირს ნაადრევად პირველად გამოეთიშა. უშუალოდ საფრანგეთის თასს რაც შეეხება, ეს შეჯიბრება სენ-ჟერმენმა 1/16-ფინალურ ეტაპზე ბოლოს 2013-2014 წლებში დაასრულა, როდესაც „მონპელიესთან“ დამარცხდა, რომელსაც გუშინ გარდაცვლილი როლან კურბისი ხელმძღვანელობდა. ბუნებრივია „პარიზთან“ დერბიში წაგება ენრიკესთან მტკივნეული იქნებოდა, რაც მან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ დამალა, თუმცა შეეცადა ოპტიმისტური განწყობა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა.
ლუის ენრიკე
ვფიქრობ დღევანდელი თამაშის გარჩევა საკმაოდ იოლია - ბრწყინვალედ ვითამაშეთ და ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდით. თუმცა, ეს ისეთი სპორტია, სადაც გოლები ყველაფერს წყვეტს. მათ გაიტანეს, ჩვენ კი არა - ასეთია ფეხბურთი. მიუხედავად საბოლოო შედეგისა, ძალიან ვამაყობ ჩემი კლუბით, როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით. თასიდან გავარდნა? მტკივნეულია და უსამართლოდ ჟღერს, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ.
ცნობისათვის, ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენს“ სათავეში 2023 წლიდან უდგას და წელს პირველად მოხდება, რომ მისი მომზადებული გუნდი რომელიმე შიდა ტურნირს ვერ მოუგებს. ორწელიწადნახევრის განმავლობაში ასტურიელმა „სენ-ჟერმენს“ სამჯერ ქვეყნის სუპერთასი, ორ-ორჯერ კი ლიგა 1 და საფრანგეთის თასი მოაგებინა.