კვარა ყველაზე აქტიური იყო - პსჟ საფრანგეთის თასს გამოეთიშა
საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში, პარიზულ დერბიში ლუის ენრიკემ დასვენების საშუალება რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს მისცა, თუმცა როტაცია არ შეეხო ვიტინიას, ფაბიან რუისსა და ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც სასტარტოში მოხვდა და 64-ე წუთზე უსმან დემბელემ შეცვალა. გამარჯვების გოლი კი სტუმრებმა ხვიჩას გასვლიდან 10 წუთში გაიტანეს, როდესაც ჯონათან იკონემ მასპინძლების უყურადღებობით ისარგებლა, პირისპირ გასულმა ლუკა შევალიე უპრობლემოდ დაამწუხრა და „პარიზმა“ პსჟ 1:0 დაამარცხა.
24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 64 წუთის განმავლობაში უზომოდ იაქტიურა, პირველ ნახევარში რამდენიმე ლამაზი დრიბლინგიც შემოგვთავაზა. იყო შემთხვევები, როდესაც მისი ჭკვიანური მოქმედებების შედეგად ჯერ ბრედლი ბარკოლა, შემდეგ კი გონსალუ რამუში დასარტყმელ პოზიციაზე დარჩნენ, მაგრამ ურეალურესი მომენტები ვერ გამოიყენეს. პირველი ნახევარის კომპენსირებულ დროში კი თავად ხვიჩამ სცადა გატანა, თუმცა მისი დარტყმა „პარიზის“ მეკარემ მოიგერია.
საერთო ჯამში კვარაცხელიამ ათბალიანი სისტემით 7.2 მეათედი შეფასება მიიღო, კარისკენ სამჯერ დაარტყა, საიდანაც ორი დაუბლოკეს. გააკეთა ოთხი საკვანძო პასი, გადაცემები 83-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა და დრიბლინგის ოთხი მცდელობიდან სამი წარმატებულად დაასრულა.
წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 23 მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. მომდევნო შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატში გამართავს - ლიგა 1-ის XVIII ტურში დედაქალაქელები „პარკ დე პრენსზე“ „ლილს“ უმასპინძლებენ და თამაში პარასკევს 17 იანვარს, თბილისის დროით 23:55 წუთზე დაიწყება.