ალონსომ რეალი დატოვა - სამეფო კლუბი არბელოამ ჩაიბარა
ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ სამეფო კლუბის ოფიციოზი ბასკის გაშვებას არ განიხილავდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდმა დაწერა, რომ ალონსომ წასვლა გადაწყვიტა და ეს ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
ალონსოს შემცვლელის ვინაობა ცნობილი მაშინვე გახდა - მის ნაცვლად „ბლანკოსში“ ალვარო არბელოა იმუშავებს, რომელიც ბოლო პერიოდში „კასტილიას“ დამრიგებლის პოსტზე მოღვაწეობდა.
რადიკალური გადაწყვეტილების მიღების მიზეზი როგორც ირკვევა მაინც გუშინდელ „ელ კლასიკოში“ განცდილი მარცხი გახდა, რომლის დასრულების შემდეგაც ჩაბი ამბობდა, რომ ესპანეთის სუპერთასი უკანასკნელი ტიტულია, რომლის დაკარგვის გამოც ნერვიულობა ღირდა, თუმცა როგორც ახლა გამოჩნდა, ფლორენტინო პერესი სულ სხვაგვარად ფიქრობდა.
ცნობისათვის, ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალში“ მუშაობის პერიოდში ყველა ტურნირზე ჩატარებული 35 მატჩიდან 24 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.