ბარსასთან თამაშისთვის მზად ვარ | გულიაშვილი ესპანურ მედიას ესაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევი გიორგი გულიაშვილი სანტანდერის „რასინგის“ ფეხბურთელი გახდა. კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, გუშინ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა და დღეს ესპანურ მედიას პირველად ესაუბრა.
პრესკონფერენციაზე პირველი კითხვა მის ფიზიკურ მდგომარეობას ეხებოდა — რამდენად მზადაა სასტარტოში სათამაშოდ.
„გუშინ გუნდთან ერთად ვივარჯიშე, თავს კარგად ვგრძნობ. ბოსნიის ჩემპიონატში პაუზა იყო, მაგრამ მე ვვარჯიშობდი. თამაშისთვის მზად ვარ. ვნახოთ, რა მოხდება „ბარსასთან“ მატჩში. თუ მწვრთნელს დავჭირდები, თამაშისთვის მზად ვარ“.
ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში „რასინგი'' „ბარსელონას'' უმასპინძლებს. მატჩი 16 იანვარს (ხუთშაბათი დღის საღამოს), თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
ამავე კითხვაში ჟურნალისტმა გულიაშვილს საკუთარი თავის, როგორც ფეხბურთელის, დახასიათება სთხოვა.
„შეტევაში ყველა პოზიციაზე შემიძლია თამაში, ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშებ, ბოლომდე დავიხარჯები, რომ გუნდმა გამარჯვება მოიპოვოს. უპირატესობას მარცხენა გარემარბის პოზიციას ვანიჭებ, მაგრამ ცენტრფორვარდადაც მიყვარს თამაში. ორივე ფლანგზე თავს კომფორტულად ვგრძნობ“.
გულიაშვილის თქმით, „რასინგში“ კარგად მიიღეს; თანაგუნდელები და მწვრთნელები ეხმარებიან, რომ ადაპტაცია მაქსიმალურად სწრაფად გაიაროს.
„ესპანურ ფეხბურთს თვალს ყოველთვის ვადევნებდი და როგორც კი „რასინგისგან“ შემოთავაზება მივიღე, ამ პროექტმა ძალიან დამაინტერესა. მინდა მისი ნაწილი ვიყო. მწვრთნელთან გასაუბრების შესაძლებლობა უკვე მქონდა, მან გუნდში მიმიღო, თუმცა ტაქტიკურ დეტალებში უფრო ღრმად ჩასასვლელად დრო კიდევ გვექნება“, — აღნიშნა გულიაშვილმა.
ფეხბურთელმა „რასინგის“ ქომაგებზეც ისაუბრა: „შაბათს მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მქონდა და გარემომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ გუნდს ფანტასტიკური გულშემატკივრები ჰყავს“.
რუდი გალეტის ინფორმაციით, „სარაევომ“ გიორგი გულიაშვილი სანტანდერის „რასინგში“ 2,5 მილიონ ევროდ გაყიდა, რაც ბოსნიური კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია. 2025 წლის თებერვალში „სარაევომ“ 18 წლის მცველი ნედალ ჩელიკი ლიგა 1-ის „ლანსში“ 2,5 მილიონ ევროდ გაასხვისა. ასე რომ, ჩელიკმა და გულიაშვილმა „სარაევოს“ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს — თითოეულის ტრანსფერი კლუბისთვის სარეკორდოა. ჯამში მათ სანაცვლოდ ბოსნიური კლუბი 5 მილიონს მიიღებს. გარიგების კიდევ ერთი საინტერესო პუნქტი: გალეტის ცნობით, „სარაევო“ გულიაშვილის შემდეგი ტრანსფერიდან 15 პროცენტს მიიღებს.