მბაპეს ჟესტი, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა | რა მოხდა ელ კლასიკოს შემდეგ
ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული „ბარსელონა“ გახდა. „ბლაუგრანა“ ფინალში „რეალს“ დაუპირისპირდა და ჰანსი ფლიკის გუნდმა 3:2 იმარჯვა. 2026 წლის პირველ „ელ კლასიკოს“ სკანდალური ეპიზოდის გარეშე არ ჩაუვლია და კილიან მბაპე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.
დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე „ბარსელონამ“ „რეალს“ საპატიო დერეფანი მოუწყო. კატალონიური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ვერცხლის მედლების მიღების შემდეგ მბაპემ თანაგუნდელებს მოუწოდა, „ბარსასთვის“ იგივე არ გაეკეთებინათ, ტაში არ დაეკრათ და მოედანი დაეტოვებინათ.
„ესპანეთის სუპერთასის ფინალის შემდეგ მბაპე უღირსი წაგებულივით მოიქცა. ფრანგმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებს უთხრა, ფლიკის გუნდისთვის ტაში არ დაეკრათ. ბარსელონას მოთამაშეებმა რეალს საპატიო დერეფანი მოუწყვეს, თუმცა მედლების მიღების შემდეგ მბაპემ თანაგუნდელებს სამჯერ მოუწოდა, ბარსელონასთვის ტაში არ დაეკრათ და მოედანი დაეტოვებინათ“, — წერს Mundo Deportivo.
ესპანელი ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. მარტინესი „რეალის“ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფედერაციამ მადრიდელებს სთხოვა, სხვა ადგილას გადასულიყვნენ, რადგან კამერის რაკურსში ხვდებოდნენ. სწორედ ამიტომ არ მოუწყო „რეალმა“ „ბარსელონას“ საპატიო დერეფანი და არ დაუკრა ტაში.