„რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“ - ქეცბაიას გუნდმა მოუგებელი სერია დაასრულა
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში წარუმატებელი სერია დაასრულა. გათამაშების მე-17 ტურში ქართველი სპეციალისტის გუნდი საკუთარ მოედანზე აჩნასს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.
ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე, სენსიმ გაიტანა, რითაც ფამაგუსტელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ მედიასთან განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ქეცბაიამ:
„რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვითამაშეთ ისე, როგორც საჭირო იყო, ვნებით. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ავიღეთ სამი ქულა. ამ კრიტიკულ თამაშში გავიტანეთ გოლი, გვქონდა შანსები მეორეც გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით. მადლობას ვუხდით ხალხს, რომელიც გუნდის გვერდითაა. ვიცით ჩვენი მიზანი. წავიყვანოთ ეს გუნდი იქ, სადაც იმსახურებს. ვაგრძელებთ, გზა რთულია. გავაგრძელებთ მცდელობას, რომ გუნდი ისევ იქ დავაბრუნოთ, სადაც იმსახურებს. ამდენი წელი დანაშაულს სჩადიოდნენ და ზოგმა გუნდი ამ წერტილამდე მიიყვანა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ ვართ“.
კვიპროსის ჩემპიონატში, ზედიზედ ხუთი თამაშის შემდეგ ეს „ანორთოსისისთვის“ პირველი გამარჯვება იყო, საერთო ჯამში კი ქეცბაიას გუნდმა მიმდინარე სეზონში მე-3 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში 17 ქულა დააგროვა. ამ დროისთვის, ფამაგუსტელები მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან.