„კამიკაძეები არ ვართ“ - ალონსომ მბაპეს მზადყოფნაზე ისაუბრა
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ სუპერთასის ფინალის წინ გამართულ პრესკნფერენციაზე მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა ალონსომ:
„განსაკუთრებული მატჩი იქნება. თავიდანვე ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა იყო. ეს იქნება მატჩი, რომელშიც მოსაგებად სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს. ფავორიტები არ ვართ? ყველაფერია შესაძლებელი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოედანზე.
მბაპე თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. გვეგონა, რომ „ატლეტიკოსთანაც“ ითამაშებდა, მაგრამ გარისკვა არ გვინდოდა. თუმცა თავიდანვე ვფიქრობდით, რომ თუ ფინალში გავიდოდით, მბაპე თამაშს შეძლებდა. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი და შევძლებთ მისი მდგომარეობის შეფასებას - მზად იქნება თუ არა ძირითადში სათამაშოდ. გავრისკავთ თუ არა მბაპესთან დაკავშირებით? ყველა რისკი უნდა შევაფასოთ. კამიკაძეები არ ვართ - უნდა გვესმოდეს, რა დევს სასწორზე და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ასენსიო, რუდიგერი და ჰუისენი თავს უკეთ გრძნობენ, დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გაირკვევა, ვინ ითამაშებს ძირითადში. ამ პოზიციაზე ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ ამას ვერსად გავქცევით. ფინალში თამაში ზრდის მოტივაციას და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ისინი მზად იქნებიან.
ლამინ იამალი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ ბარსელონაშიც და ნაკრებშიც ფანტასტიკურ დონეს აჩვენებს. ჩვენი მომზადება არ შეიცვლება იმის მიხედვით, იქნება თუ არა იამალი ძირითადში. ვიცით, რომ მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია, მაგრამ ჩვენი მიდგომა არ იცვლება“.
ცნობისთვის, ესპანეთის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.