ჩემპიონობიდან 10 წელიწადში - ლესტერი ჩემპიონშიფიდანაც გავარდა
პრემიერლიგის მოგებიდან 10 წლის თავზე „ლესტერი“ ჩემპიონშიფიდან გავარდა - „მელიებმა“ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში დარჩენის თეორიული შანსებიც დაკარგეს. გუშინ „ლესტერი“ საკუთარ კედლებში „ჰალ სიტის“ დაუზავდა, მაშინ როცა დარჩენილ სამივე ტურში მოგება სჭირდებოდა.
„შეფილდ უენსდეის“ 18 ქულა ჩამოართვეს, ამიტომ ბოლოადგილოსანთან დაკავშირებით ყველაფერი წინასწარ იყო ცნობილი, ხოლო დანარჩენ კლუბებს შორის „ლესტერმა“ ყველაზე ცუდად იასპარეზა. თებერვალში ფინანსური დარღვევების გამო 6 ქულა „მელიებსაც“ ჩამოართვეს, თუმცა არც ეს 6 ქულა იქნებოდა ჩემპიონშიფის დარჩენის გარანტია.
სეზონის დაწყებამდე ბუქმეკერები „ლესტერს“ მე-7 ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ. 2026 წლის დასაწყისში გუნდს გავარდნა არ ემუქრებოდა - „მელიები“ 26 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზე იყვნენ და პლეიოფის ზონამდე 4 ქულა აშორებდათ. თუმცა მომდევნო 18 მატჩში „ლესტერმა“ მხოლოდ 1 მოიგო, შედეგი არც მწვრთნელების შეცვლამ გამოიღო.
ასეთ დაღმასვლას რამდენიმე მიზეზი აქვს: კლუბის მფლობელის გარდაცვალება, პანდემია და ძვირადღირებული კონტრაქტები. ამის გამო „ლესტერი“ პრემიერლიგიდან გავარდა, თუმცა შემდეგ ენცო მარესკასთან ერთად დაბრუნდა. შარშან „მელიები“ პრემიერლიგიდან ისევ დაქვეითდნენ, თუმცა ჯეიმი ვარდის შემცვლელი ვერ მოიყვანეს და გუნდი ლიდერის გარეშე დარჩა.
მესამე დივიზიონში გავარდა შესაძლოა კლუბისთვის ფატალური აღმოჩნდეს, ვინაიდან შემოსავლები დაახლოებით 50%-ით შემცირდება. დიდი ალბათობით, წამყვანი ფეხბურთელები გუნდს დატოვებენ, მაშინ როცა შარშან მათი გაყიდვა უფრო სარფიანად შეიძლებოდა.
„შეფილდ უენსდეისთან“ და „ლესტერთან“ ერთად, დიდი ალბათობით, ჩემპიონშიფიდან „ოქსფორდ იუნაიტედი“ გავარდება.