ვინ მოიგებს პრემიერლიგას - არსენ ვენგერის პროგნოზი
ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის „მეთოფეებსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის მიმდინარე ბრძოლა შეაფასა და გამოთქვა ვარაუდი, თუ ვინ გახდება პრემიერლიგის გამარჯვებული.
„მჯერა, რომ არსენალი პრემიერლიგას მოიგებს. ამის ღრმად მჯერა. ეს უბრალოდ ლოგიკური იქნებოდა. მომწონს, როგორ თამაშობენ შეტევაში ებერეჩი ეზე, მარტინ ედეგორი, კაი ჰავერცი და ნონი მადუეკე. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, ისინი დარჩენილ მატჩებში ქულებს აუცილებლად დაკარგავენ“.
ცნობისთვის, გასულ ტურში „არსენალი“ მთავარ კონკურენტთან, „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა. ამ დროისთვის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში კვლავ „მეთოფეები“ არიან. მიკელ არტეტას გუნდს 70 ქულა აქვს, „მანჩესტერ სიტი“ კი 67 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა პეპ გუარდიოლას გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
„არსენალის“ კალენდარი ასე გამოიყურება: ნიუკასლი (შინ), ფულემი (შინ), ვესტ ჰემი (გასვლა), ბარნლი (შინ), კრისტალ პალასი (გასვლა). ფულემთან მატჩამდე და მატჩის შემდეგ „მეთოფეები“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლისაბონის სპორტინგს შეხვდებიან.
რაც შეეხება „სიტის“, მათი მატჩების სია ასე გამოიყურება: ბარნლი (გასვლა), ევერტონი (გასვლა), ბრენტფორდი (შინ), ბორნმუთი (გასვლა), კრისტალ პალასი (შინ), ასტონ ვილა (შინ). ევერტონთან მატჩამდე გუარდიოლას გუნდი ასოციაციის თასის ნახევარფინალში საუთჰემპტონს შეხვდება.
აქვე გეტყვით, რომ თუ ორივე გუნდი ჩემპიონატს თანაბარი ქულებით დაასრულებს, გამარჯვებული ის გახდება, ვისაც გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობა ექნება.