„2026 — მიქაუტაძის წელი“ | რას წერს AS ქართველ ფეხბურთელზე
AS-მა „ვილიარეალის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს, სტატია მიუძღვნა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მოლოდინებზე აქცენტირებს და მიქაუტაძის ტრანსფერის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„გიორგი მიქაუტაძის გაფორმება ვილიარეალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერია. ყვითელი წყალქვეშა ნავისთვის ეს სტრატეგიული ინვესტიცია იყო — როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს მიღმა. კლუბი მისგან მაღალი დონის თამაშს ელოდება, რაც, ერთი მხრივ, გუნდს დაეხმარება, მეორე მხრივ კი მის საბაზრო ღირებულებას გაზრდის.
მართალია, ვილიარეალის მთავარი მიზანი მაღალი დონის, ჩემპიონთა ლიგის კალიბრის თავდამსხმელის პოვნა იყო, თუმცა კლუბისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიქაუტაძემ დონე შეინარჩუნოს და 30-მილიონიანი ინვესტიცია წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს.
სეზონის სტარტზე მას სტაბილურობა აკლდა და ხარისხს მხოლოდ ცალკეულ შეხვედრებში აჩვენებდა. მისგან მეტს ელოდებიან, თუმცა 2026 წლის პირველი მატჩი იმედისმომცემი აღმოჩნდა. მიქაუტაძე თანაგუნდელებს უკეთ უგებს და ვილიარეალის სათამაშო რიტმსა და სტილს უკეთ ერგება. ამ ეტაპზე მას ექვსი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა აქვს, რაც ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ვილიარეალის მოლოდინებს ჩამოუვარდება.
როდესაც მარსელინო გარსია ტორალს მიქაუტაძეზე ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ გიორგისთან მიმართებით სიფრთხილეა საჭირო. მარსელინოს თქმით, ნორმალურია, რომ ფეხბურთელს, რომელსაც საფრანგეთის საზღვრებს მიღმა თამაშის უარყოფითი გამოცდილება აქვს, ადაპტაციისთვის დრო დასჭირდეს“, — წერს AS.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ლა ლიგის 12 მატჩში 7 საგოლე მოქმედება მიითვალა — 4 გოლი და 3 საგოლე პასი. გიორგიმ ჩემპიონთა ლიგაზე ხუთ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, ესპანეთის თასის სამ მატჩში კი — 1 გოლი.