„მოედანზე სრულად ვიცვლები, რის გამოც ბევრჯერ მინანია“ - მესის განსხვავებული ინტერვიუ
„ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ არგენტინულ ტელევიზია Luzu TV-სთან ინტერვიუს დროს ბევრ საინტერესო საკითხზე ისაბრა.
ლიონელ მესი:
„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს თავს მწვრთნელად ვერ წარმოვიდგენ. მომწონს მენეჯერობის იდეა, მაგრამ არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, მფლობელის როლს ვარჩევდი.“
„მქონდეს შესაძლებლობა, ვფლობდე საკუთარ კლუბს და განვავითარო ის სულ ქვემოდან, მივცე ახალგაზრდა მოთამაშეებსა და სხვა ადამიანებს განვითარებისა და რაღაც მნიშვნელოვანის მიღწევის შანსი — ეს ყველაზე მეტად მიზიდავს.“
„არის თუ არა სხვაობა ბარსელონასა და მაიამიში ცხოვრებას შორის? დიახ, აქ ბევრად უფრო მშვიდად ვცხოვრობ. მაიამის იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვართ, ყველაფერი ბევრად უფრო „ამერიკულია“: ხალხი სხვანაირად ცხოვრობს და ფეხბურთს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.“
„ბარსელონაში მუდმივად დავდიოდი სადღაც და ხალხი ამას მიჩვეული იყო. პრაქტიკულად ბარსელონაში დავიბადე, მთელი ცხოვრება იქ გავატარე. სულ ერთსა და იმავე ადგილებში დავდიოდი, ხალხი მუდმივად მხედავდა, ამიტომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.“
„აქაც საკმაოდ აუჩქარებელი ცხოვრება გვაქვს. ჩვენ ისევე ძლიერ ვართ დამოკიდებული ბავშვებზე, ძალიან ჩართულები ვართ მათ ცხოვრებაში, მათ განრიგში. როგორც უკვე ვთქვი, ისინი ამთავრებენ გაკვეთილებს და ჩვენ ვმოდივართ ვარჯიშზე.
„მთელი ოჯახი ბურთთან ერთად ვცხოვრობთ. მთელი დღე. სიმართლე გითხრათ, შვილები აქ, კლუბშიც ხშირად მოდიან და ვარჯიშობენ.“
„სკოლიდან გამოდიან თუ არა, მაშინვე კლუბში მოვდივართ. ვარჯიშობენ ორშაბათს, სამშაბათს... წაიხემსებენ და აქეთ წამოვალთ ხოლმე. ბევრი დრო არ გვრჩება. თუმცა, როცა დრო გვაქვს... ბურთი ყოველთვის ჩვენთანაა“.
„ანტონელა ჩემზე ბევრად უფრო რომანტიკულია. ამაზე სულ ვსაუბრობთ, კამათიც კი გვქონია, რადგან ის ნაკლებად რომანტიკული გახდა იმის გამო, რომ მე დიდად არ მომწონდა ეს, ხვდებით? მე ბევრად უფრო ცივი ვიყავი. სანამ არ დადგა მომენტი, როცა ვუთხარი: „აღარ ვარ ისეთი, როგორიც ადრე ვიყავი“. მაგრამ სიმართლეა — მიყვარს, როცა ჩემს საყვარელ ადამიანებს თავს კარგად ვაგრძნობინებ და ვაბედნიერებ. თუმცა გრძნობების გარეგნულად გამოხატვა დიდად არ მეხერხება.“
„სიმართლე ისაა, რომ... მეც მაქვს ჩემი მხარე, საშინლად უცნაური ტიპი ვარ... ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა, ვტკბები სიმარტოვით. სახლში არსებულმა ქაოსმა, როცა სამი ბავშვი აქეთ-იქით დარბის, შეიძლება ისე დამღალოს, რომ გადავიწვა. ამიტომ მიყვარს ჩემი სიმარტოვის მომენტები, როცა უბრალოდ მშვიდად ვარ.“
თერაპია:
„იყო პერიოდი, როცა დავდიოდი ფსიქოლოგთან. ბარსელონაში ყოფნისას დავდიოდი, მერე კი აღარ... ჩვევად მაქვს ყველაფრის საკუთარ თავში ჩაკვლა, ყველაფრის შიგნით შენახვა და პრობლემებთან მარტო გამკლავება“.
ნომერ პირველი კრიტიკოსი:
„სპორტულ მხარეზე ყოველთვის ვამბობდი, რომ საკუთარი თავის ნომერ პირველი კრიტიკოსი თავად ვარ. მე კარგად ვიცი, როდის გავაკეთე რაღაც კარგად და როდის — ცუდად“.
სპორტული კავშირი მამასთან:
„სპორტულ მხარეს და იმას, რაც ფეხბურთში ხდება, მამასთან უფრო მეტად განვიხილავ. მთელი ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში, ამ მხრივ გვერდით მამა მედგა. ყოველთვის მჭირდებოდა მისი აღიარება ან აზრი. ბავშვობაში, თამაში რომ მთავრდებოდა, ნებისმიერ რამეზე მას ვეკითხებოდი აზრს“.
სინჯები „რივერ პლეიტში“:
„წავედი „რივერში“, გავიარე სინჯები... ჩემით წავედი, იქ ვვარჯიშობდი და სადღაც 10 დღეში დავბრუნდი. „რივერში“ მითხრეს, რომ ჩემი დატოვება უნდოდათ, რომ მკურნალობის ხარჯებსაც სრულად დაფარავდნენ, ოღონდ პანსიონში უნდა მეცხოვრა. მაგრამ მითხრეს: „ჩვენ ტრანსფერზე ვერაფერს გავაკეთებთ, შენით უნდა წახვიდე, „ნიუელსიდან“ შენი საბუთები (სათამაშო უფლება) გამოიტანო და ისე დაბრუნდეო“. როცა „ნიუელსში“ მივედი საბუთების გამოსატანად, რა თქმა უნდა, არ მომცეს. ეს ძალიან, ძალიან რთული იყო და ასე ჩაიშალა ყველაფერი“.
როსარიო და სადღესასწაულო დღეები:
„როსარიოში ჩასვლა ძალიან მიყვარს... მიყვარს იქ დღესასწაულებზე ყოფნა... თუმცა, სიმართლე გითხრათ, იქ სახლიდან საერთოდ არ გავდივარ. ან დედაჩემის სახლში მივდივარ, ან ჩემი ძმის... ერთი სახლიდან მეორეში. ეს ძალიან მიყვარს, რადგან ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ვარ — ჩემთვის ამაზე ლამაზი არაფერია. მით უმეტეს დეკემბერში. თანაც, ხომ იცით, ხალხს სხვა ენერგია და განწყობა აქვს. დეკემბერში თითქოს ყველაფერი მშვენიერია: ზაფხული, სიცხე... ძალიან მსიამოვნებს და ვტკბები ამით.“
მისი როლი, როგორც ბიზნესმენის:
„ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მეხმარებიან. მე ყოველთვის მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი და თავში სხვა არაფერი მიტრიალებდა. თუმცა დგება მომენტი, როცა უფრო შორსაც უნდა გაიხედო. მომწონს ეს, ჩემთვისაც რაღაც ახალია. ჩემი გარემოცვა უცვლელია — არიან ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან ჩემთან მუშაობენ და მათ მიმართ დიდი ნდობა მაქვს. მე კი გვერდიდან ყველაფერს თვალს ვადევნებ.“
ლიდერობა:
„ყოველთვის საქმითა და მაგალითის ჩვენებით ვსაუბრობდი. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მაქსიმუმს ვიღებ საკუთარი თავისგან — როგორც მოედანზე, ისე ვარჯიშზე და ყველაფერში, რაც ამას ახლავს. წლების მატებასთან ერთად გამოცდილებას იძენ, უფრო თავდაჯერებული ხდები და სხვანაირად იხსნები. 2018 წლის შემდეგ სრულიად განსხვავებულ თაობასთან მომიწია შეხვედრა ნაკრებში.“
უცხო ენები:
„სხვა ენაზე რომ არ ვლაპარაკობ, ეს უფრო მორიდებულობის გამოა. თავს უხერხულად ვგრძნობ, არ მიყვარს. ინგლისურად, სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ შემიძლია ლაპარაკი და ჩემი სათქმელის გაგებინება“.
ცეკვა და ალკოჰოლი:
„ჯერ ერთი, ცეკვა არ მიყვარს და არც პირველი ვყოფილვარ, ვინც დაიწყო — უკვე 500-ჯერ გვქონდა „მატარებელი“ გაკეთებული, ჰაჰა. ისე კი, საცეკვაოდ ცოტათი ნასვამი უნდა ვიყო... როცა დალევა შემიძლია, ღვინოს ვსვამ. თუ არა და, ჩემს ძველ მეთოდს მივმართავ: ღვინო და გაზიანი სასმელი ერთად, რომ მალე იმოქმედოს.
ფინტები და ტრიუკები ბურთით:
„ყველაფერი გამომდის, მაგრამ არასდროს მიკეთებია თამაშისას, არასდროს მიზიდავდა. ბავშვობაში უფრო ვერთობოდი ასეთი რაღაცებით, უფრო მეტს „ვმაიმუნობდი“. თუმცა მაშინ არც იმდენი რამ არსებობდა, რაც დღეს არის. მოედანზე, მატჩების დროს, მსგავსი რაღაცები არასდროს მიყვარდა“.
პიროვნება:
„მოედანზე სრულიად ვიცვლები. ძალიან აზარტული ვარ და ადვილად ვბრაზდები. ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებ, რასაც მერე რომ ვუყურებ, ვფიქრობ: „აუ, რა სულელი ვარ-მეთქი“.“
ჟესტი ვან გაალის მისამართით (ნიდერლანდებთან მატჩში):
„რომან რიკელმესთან ხშირად ვსაუბრობ, მესიჯებს ვცვლით, ჩემპიონობა მომილოცა... მაგრამ ვან გაალისთვის ნაჩვენებ ჟესტზე არაფერი მითქვამს. ეს თავისთავად, სპონტანურად გამომივიდა. მერე კი, ანგარიში რომ გაგვითანაბრეს, საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი, მინდოდა თავი მომეკლა. ვფიქრობ, ადამიანი ისე რეაგირებ, როგორც შეგიძლია და ყველაფერი იქვე, მოედანზე რჩება. გამარჯვებისთვის ვთამაშობ და მაქსიმუმს ვაკეთებ. თამაში სრულდება და ყველაფერი წარსულს ბარდება“.
გრძნობები:
„მგრძნობიარე ვარ. ფილმებზე შეიძლება ვიტირო კიდეც, განსაკუთრებით კი რეალურ ამბებზე დაფუძნებულ ფილმებზე“.
ასტროლოგია:
„კირჩხიბი ვარ. მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცი. ანტონელამ ცოტა მეტი იცის... მამამისიც კირჩხიბია, ბევრი რამ გვაქვს მსგავსი და ანტონელა სულ გვადარებს ერთმანეთს“.
შოუბიზნესი და ჭორები:
„ჭორები მიყვარს, დედაჩემს ვგავარ, ყველაფერი აინტერესებს, ჰაჰა. მომწონს ეს ამბავი. ანტონელას დიდად არ უყვარს, უფრო მე ვარ ასეთი. უბრალოდ იმისთვის, რომ საქმის კურსში ვიყო, მეტი არაფერი. ეს დედაჩემისგან გამომყვა, მას ყველაფერი აინტერესებს, ძალიან ცნობისმოყვარეა. ნება რომ მისცე, პირდაპირ ანხელ დე ბრიტოსთან წავიდოდა გადაცემა LAM-ში“.
სოციალური ქსელები:
„ზოგჯერ მინდა, ვინმეს გამოწერა გავუუქმო, მაგრამ არ ვაკეთებ, რადგან ვიცი, რაც მოჰყვება... მერე ამ ყველანაირ სისულელეს დიდი რეზონანსი აქვს. ამ მხრივ ძალიან ვფრთხილობ და დიდ ყურადღებას ვაქცევ. არ მიყვარს, როცა ჩემზე ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც ფეხბურთის თამაშს არ ეხება.“
დარჩა თუ არა რამე მოსაგები?
„არა, ღვთის წყალობით... სხვა რა უნდა დამრჩენოდა? ღმერთმა იმაზე ბევრად მეტი მაჩუქა, ვიდრე წარმომედგინა. ყველაფერი თავის დროზე მოვიდა. როცა უკვე შეუძლებელი მეგონა, სწორედ მაშინ მოვიდა არგენტინის ნაკრებთან ერთად ის ტიტულები, რომლებიც ყველაზე მეტად მინდოდა. ჯერ იყო კოპა ამერიკა და ვთქვი: „კარგი, უკვე რაღაც მოვიგე“, მერე კი ყატარი მოვიდა... ის ჟესტები, რასაც ლოჟაში ჩემს ოჯახს ვუჩვენებდი მსოფლიო თასის მოგების შემდეგ, სწორედ ამას ნიშნავდა: „მორჩა, ყველაფერი დამთავრდა“. ახლა რაც არ უნდა მოხდეს, ეს უკვე ზემოდან ბოძებული საჩუქარია. უზომოდ მადლიერი ვარ.“