ლუკმანს ეჩხუბა და პირდაპირ გასახდელში წავიდა | ოსიმენი თანაგუნდელებს გაუბრაზდა
აფრიკის თასის 1/8-ფინალში ნიგერიის ნაკრები მოზამბიკს დაუპირისპირდა. „სუპერ არწივებმა“ ბრწყინვალედ ითამაშეს და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს — 4:0. ნიგერიელთა რიგებში დუბლით ვიქტორ ოსიმენი გამოირჩა, თითო-თითო გოლი კი ადემოლა ლუკმანმა და აკორ ადამსმა გაიტანეს.
მიუხედავად წარმატებული მატჩისა, „სუპერ არწივების“ გულშემატკივრებს სადარდებელი მაინც გაუჩნდათ. შეხვედრის მიმდინარეობისას, როდესაც ნიგერია 3:0-ს იგებდა, ოსიმენი ლუკმენს დაუპირისპირდა: „ჰეი, ჰეი, ფეხბურთი გუნდური თამაშია, მომისმინე!“
„ორი გოლი უკვე გაიტანე, ორი ბურთი გაქვს“, — უპასუხა ლუკმანმა, რის შემდეგაც „გალათასარაის“ თავდამსხმელი გაბრაზდა. ოსიმენმა თამაში პრაქტიკულად შეწყვიტა — ნიგერიის შეტევებისას ნელა გადაადგილდებოდა და გახსნას არც კი ცდილობდა.
საფინალო სასტვენის შემდეგ ნიგერიელმა ფეხბურთელებმა გამარჯვება აღნიშნეს, თუმცა ოსიმენი მათ არ შეუერთდა და სათადარიგოთა სკამიდან პირდაპირ გასახდელს მიაშურა. ცნობისთვის, ნიგერიის ნაკრების მომდევნო მეტოქე ალჟირისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წყვილში გამარჯვებული იქნება.