„გუნდის იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ“ | ჩელსის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ლონდონის „ჩელსი“ ლიამ როსენიორმა ჩაიბარა. „არისტოკრატებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და ინგლისელ სპეციალისტს 2032 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმეს. როსენიორი „ჩელსიში“ „სტრასბურგიდან“ გადავიდა და „ლურჯების“ ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარიც გააკეთა.
„ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება ჩემთვის უდიდესი პატივია. ეს არის კლუბი, რომელსაც განსაკუთრებული სული აქვს და წარმატებული ისტორიით ამაყობს. ჩემი მოვალეობაა, ჩელსის იდენტობა შევინარჩუნო, ჩამოვაყალიბო გუნდი, რომელიც ჩვენს ღირებულებებს მოედანზე წარმოაჩენს და ტიტულების მოგებას გააგრძელებს.
ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარება ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და მინდა მათ, ვინც ნდობა გამომიცხადა და შანსი მომცა, მადლობა გადავუხადო. მაქსიმუმს გავიღებ, რათა კლუბს დამსახურებული წარმატება მოვუტანო.
მჯერა გუნდური მუშაობის, ერთიანობისა და ერთმანეთისთვის მსხვერპლის გაღების. ყველაფერს ამ ღირებულებების მიხედვით გავაკეთებთ და ისინი ჩვენი წარმატების საფუძველი გახდებიან.
მოხარული ვარ, რომ ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელებთან და მაღალი დონის პერსონალთან მომიწევს მუშაობა. შევეცდებით, ძლიერი კავშირები დავამყაროთ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, და შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ფეხბურთელი ერთ მუშტად შეიკვრება და ერთი მიზნისკენ იმოძრავებს. ერთი სული მაქვს, ფეხბურთელებს როდის შევხვდები და მუშაობას როდის შევუდგები.“
ცნობისთვის, პრემიერ ლიგის 20 ტურის შემდეგ „ჩელსის“ 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. „ლურჯები“ ლიდერ „არსენალს“ 17 ქულით ჩამორჩებიან.