მამუკელაშვილმა 12 ქულა ჩააგდო | ტორონტოს ზედიზედ მეორე გამარჯვება
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. გამთენიისას კანადელები საშინაო არენაზე „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს — 118:100.
ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. „მამუმ“ პარკეტზე 22 წუთი და 32 წამი გაატარა და 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სანდრომ 4-დან 1 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო; ექვსივე მოხსნა საკუთარ ფარზე ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 19 ქულა ბრენდონ ინგრემმა დააგროვა. სკოტი ბარნსს სამმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა — 18 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა. არჯეი ბარეტმა 17 ქულა მიითვალა. „ატლანტას“ რიგებში საუკეთესო ონიეკა ოკონგვუ იყო — 17 ქულა, 12 მოხსნა და 4 ჩაჭრა. „ჰოუქსის“ ლიდერმა, ჯეილენ ჯონსონმა, 13 ქულა, 14 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ცნობისთვის, „ტორონტოს“ 22 მოგება და 15 წაგება აქვს. მამუკელაშვილის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს, „შარლოთ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.