„უარს ვერ ვიტყოდი“ - ჩელსის ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
„სტრასბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლიემ როსენიორმა დაადასტურა, რომ ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.
„შაბათს „ნიცასთან“ მატჩზე ვიყავი კონცენტრირებული და არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. მას შემდეგ მომცეს უფლება, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბთან მესაუბრა. დღეს ყველაფერი ისე ვითარდება, რომ შესაძლოა „ჩელსი“ ჩავიბარო.
ამ კლუბის გაწვრთნა წარმოუდგენელი შესაძლებლობაა. ინგლისში დაბრუნებას და შვილების ნახვას შევძლებ, შემდეგ კი ამ დიდებულ კლუბს შევუერთდები.
კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია, თუმცა სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. „სტრასბურგი“ ყოველთვის ჩემს გულში იქნება, მაგრამ „ჩელსიში“ მუშაობაზე უარს ვერ ვიტყოდი“.
როგორც ცნობილია, 31 დეკემბერს, შუადღეს ენცო მარესკას აგენტი ჟორჟე მენდეში „ჩელსის“ ბაზაზე იმყოფებოდა და სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ჩაინიშნა „ჩელსის“ დირექტორთა საბჭოს წევრების საგანგებო თათბირი, სადაც იტალიელის გაშვებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს.
რაც შეეხება როსენიორს, მან „სტრასბურგი“ 2024 წელს ჩაიბარა, მანამდე კი „ჰალ სიტიში“ უმუშავია. 41 წლის ინგლისელი სპეციალისტის გაწვრთნილი „სტრასბურგი“ ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში 24 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზეა.