„2026-ში შესაძლოა კარიერა დავასრულო“ - ომალიმ თავის გეგმებზე ისაუბრა
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ქვემსუბუქ წონაში, შონ ომალი, უშვებს შესაძლებლობას, რომ 2026 წელი მისი პროფესიონალური მებრძოლის კარიერისთვის შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს.
ამერიკელის თქმით, თუ ის შეძლებს სონგ იადონგის დამარცხებას, შემდეგ კი პიოტრ იანთან დაპირისპირებაში ტიტულს დაიბრუნებს, შესაძლოა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადოს.
„სიმართლე გითხრათ, მე უკვე პიოტრ იანთან ბრძოლისთვისაც ვემზადები. მესმის, რომ სონგს არ უნდა გადავახტე და ამას არც ვაკეთებ. მე მას სათანადოდ ვაფასებ – ის წყეულივით სახიფათოა. მას ორივე ხელში დიდი ძალა აქვს და სწრაფია. მე მისთვის ვემზადები, მაგრამ ამავდროულად ვემზადები პიოტრისთვისაც.
პიოტრმა იცის – ეს შემდეგი ნაბიჯია. გამოვალ, სონგთან საქმეს მოვაგვარებ და შემდეგ მასთან ბრძოლა იქნება. ყველაფერი ლოგიკურია. 2026 წელი ცხელი იქნება. გამოვალ, მივხედავ სონგს, მივხედავ პიოტრს, მიზანს მივაღწევ და კარიერას დავასრულებ. შესაძლოა, ეს „Sugar“-სთვის ბოლო წელი იყოს UFC-ში“,
– განაცხადა ომალიმ საკუთარ YouTube არხზე.
შონ ომალისა და სონგ იადონგის ბრძოლა UFC 324-ზე მესამე უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება, რომელიც 24 იანვარს ლას-ვეგასში გაიმართება.