„მერაბს თეთრ სახლში ველოდები“ - ანიკმა დვალიშვილი ახსენა
ვაშინგტონში, თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაპირება და UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დენა უაითის დასტური არსებობს, კონკრეტული ბრძოლების თაობაზე კი ჯერჯერობით დადასტურებულად არაფერი თქმულა. ყოველივე ამის ფონზე, საკმაოდ კონკრეტული იყო ამ თემაზე შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩხუბების კომენტატორის ჯონ ანიკის კომენტარი, რომელმაც ქართველი მერაბ დვალიშვილიც ახსენა:
„რვა სატიტულო ბრძოლა თეთრ სახლში იდეალისტურად და ამბიციურად ჟღერს. თუმცა, რეალისტურად რომ შევაფასოთ, მივდივართ იქამდე, რომ ექვს-შვიდ ქამრისთვის ჩხუბს ვაშინგტონში აუცილებლად ვნახავთ. 1 თებერვლამდე, UFC 324-სა და 325-ზე ვინც იჩხუბებს, ამ მებრძოლებს ივნისამდე ძალების აღდგენა შეეძლებათ. თებერვალში დანომრილი ღონისძიება არ არის, ხოლო 1 მარტს BMF-ის ჯახია, რომელიც სატიტულო ჭრილში არ განიხილება.
როგორია ჩემი სურვილები და ვარაუდები? ტომ ასპინალსა და სირილ განს შორის ჩაშლილი ჩხუბი სწორედ თეთრ სახლში უნდა დასრულდეს. ჯოშუა ვანსა და ტაცურო ტაირას საჩემპიონო ბრძოლას წლის მეორე კვარტალში განიხილავენ. ხამზატ ჩიმაევიც არ გაუშვებს შანსს ვაშინგტონში იჩხუბოს და მისი მეტოქე სრულიად შესაძლებელია ალექს პერეირა იყოს, რომელიც მჯერა, რომ თეთრ სახლამდე ოქტაგონში დაბრუნებას არ იჩქარებს. დაბოლოს, ლოგიკური იქნება, თუ პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის დუელი სწორედ ამ ქარდზე ტრილოგიით დასრულდება“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 2025 წელს სამჯერ დაიცვა და დეკემბერში ჩემპიონის ტიტული პიოტრ იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხების შედეგად დაკარგა.