პსჟ-მ პარიზული დერბი მოიგო - ხვიჩა სათადარიგოზე დარჩა
„პარი სენ-ჟერმენმა“ 2026 წელი გამარჯვებით გახსნა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში ლუის ენრიკეს გუნდი პარიზულ დერბიში საფეხბურთო კლუბ „პარიზს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიას მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. შეხვედრამდე 1 დღით ადრე ქართველმა შემტევმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც მისი თამაში საეჭვო გახდა. ლუის ენრიკემ ხვიჩა სამატჩო განაცხადში მაინც შეიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობით აღარ გარისკა და ბოლომდე თადარიგში დატოვა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, დეზირე დუეს გოლით გახსნა. მეორე ნახევარში, 51-ე წუთზე „პარიზმა“ წონასწორობა ვილემ გებელის ზუსტადშესრულებული თერთმეტმეტრიანით წონასწორობა აღადგინა, ზუსტად ორ წუთში კი უსმან დემბელემ კიდევ ერთხელ შეძლო მასპინძლების დაწინაურება, რაც საბოლოოდ, გამარჯვების გოლიც აღმოჩნდა.
17 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ სატურნირო ცხრილში 39 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზე იმყოფება. ლუის ენრიკეს გუნდი გათამაშების ლიდერ „ლანსს“ 1 ქულით ჩამორჩება. პსჟ მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს, საფრანგეთის სუპერთასზე „მარსელის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ქუვეითში ჩატარდება, ლიგა 1-ში მე-18 ტურის შეხვედრა კი 16 იანვარს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან არის დაგეგმილი.