სანდროს ყველაზე დიდი ღირსება და სისუსტეც ეს არის | ტორონტოს მწვრთნელი მამუზე
NBA-ში სანდრო მამუკელაშვილმა „ატლანტა ჰოუკსთან'' ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე, მის აქტივში 8 შედეგიანი გადაცემაა, რაც მისი კარიერის რეკორდია.
სანდროს შეეძლო ერთ-ერთი კონტრშეტევა თავად ადვილად დაეგვირგვინებინა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ბურთი თანაგუნდელ სკოტი ბარნსისთვის გადაეწოდებინა, რომელსაც „ჰოუქსის“ წინააღმდეგ თამაში რთულად წაუვიდა, რათა ამ უკანასკნელს წინააღმდეგობის გარეშე ჩაეტენა. ეს ეპიზოდი, „რეპტორსის“ მწვრთნელის, დარკო რაიაკოვიჩის თქმით, ბევრს მეტყველებს „სპურსის“ ყოფილი მოთამაშის ხასიათზე:
„სანდროს ყველაზე დიდი ღირსება ისაა, რომ იგი საოცარი პიროვნებაა, და მისი ყველაზე დიდი სისუსტეც ისაა, რომ იგი საოცარი პიროვნებაა. ვგულისხმობ იმას, რომ ის ძალიან ზრუნავს სხვებზე. მას ძალიან ადარდებს გუნდისთვის ყველაფრის სწორად გაკეთება“.
ეს საგოლე გადაცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის „სრულიად უანგაროა“ და დიდ ძალას მატებს კანადურ გუნდს. ამ მატჩში მან 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რაც მისი კარიერული რეკორდია.
სანდრო „ატლანტა ჰოუკსთან'' სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, თუმცა პარკეტზე ცვლილებაზე გამოვიდა, ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 31:56 წუთში 13 ქულა ჩააგდო, „მამუმ'' 12 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება შეასრულა. სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. 26 წლის ქართველმა კალათბურთელმა ოთხი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ორი საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა.