Defensa Central: შესაძლოა იანვარში რეალმა ტრენტი გაყიდოს
ესპანური მედიის ინფორმაციით, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შესაძლოა მადრიდის „რეალი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს. ამის შესახებ გამოცემა Defensa Central-ი იტყობინება.
ტრენტის სავარაუდო ღირებულებად Defensa Central-ი 40 მილიონ ევროს ასახელებს, რაც „ბლანკოსისთვის“ მომგებიან ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან „რეალს“ მის სანაცვლოდ მხოლოდ 10 მილიონი ევრო აქვს გადახდილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინგლისელი განაპირა მცველის ხელფასი კვირაში 320 ათასი ევროა.
გამოცემის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელს ინგლისის პრემიერლიგაში რამდენიმე მსურველი ჰყავს, მათ შორის არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ნიუკასლი“. „ლივერპულის“ აკადემიის მიერ აღზრდილი ტრენტის „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორი დახვედრა მოუწყვეს „მერსისაიდელთა“ ფანებმა ტრენტს რამდენიმე თვის წინ, როდესაც ის ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ ერთად „ენფილდზე“ ჩავიდა.
რაც შეეხება „სიტის“, აქ მარჯვენა მცველის პოზიციაზე მატეუშ ნუნიეში თამაშობს და ამ პოზიციის გაძლიერება აუცილებლად იქნება პეპ გუარდიოლას ერთ-ერთი პრიორიტეტი, ხოლო „ნიუკასლში“ დაცვის მარჯვენა ფლანგი კირან ტრიპიერს აქვს ჩაბარებული, რომელიც უკვე 35 წლისაა და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
აქვე გეტყვით, რომ ტრენტმა „სამეფო კლუბის“ მაისურით მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა (5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 8 ლა ლიგაში). ალექსანდერ-არნოლიდ ანგარიშზე 3 საგოლე პასია. „რეალთან“ მისი კონტრაქტი 2031 წლამდეა გათვლილი.