„ამ სიტუაციის მართვა ძალიან რთულია“ - ფაბრეგასი ალონსოს გამოექომაგა
იტალიური „კომოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სესკ ფაბრეგასმა მადრიდის „რეალში“ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და თავისი კოლეგა, ჩაბი ალონსო დაიცვა. ამის შესახებ ესპანური Marca იტყობინება.
კერძოდ, ფაბრეგასმა განმარტა, რატომ უჭირს ალონსოს „რეალის“ გასახდელის მართვა.
„რეალის“ ყველა ფეხბურთელი ძალიან ძლიერია და ყველა მათგანი იმსახურებს თამაშს. „ბლანკოსის“ თითოეული ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ძირითადში უნდა იყოს - ყველა მათგანის ღირებულება 50 მილიონზე მეტია და ყველას ეროვნულ ნაკრებებში იძახებენ. ამ სიტუაციის მართვა ალბათ ყველაზე რთულია“.
ცნობისთვის, რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ „რეალმა“ ალონსოს შემცვლელის ძებნა დაიწყო. ბასკ სპეციალისტს დაძაბული ურთიერთობა აქვს რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის ვინისიუს ჟუნიორთან, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს.
ჩემპიონთა ლიგაზე „რეალი“ 12 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ლა ლიგაში ლიდერ „ბარსელონას“ 4 ქულით ჩამორჩება.