„შესაძლოა, მომავალში თავდამსხმელი წინ იყოს“, - თამაშგარის წესი იცვლება?
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ აღიარა, რომ ისინი თამაშგარე მდგომარეობის წესში „დღის სინათლის“ (daylight) პრინციპის შემოღებას განიხილავენ.
ამ სიახლის თანახმად, თამაშგარის წესი შესაძლოა ისე შეიცვალოს, რომ მოთამაშე სრულად უნდა იმყოფებოდეს მცველის წინ, რათა თამაშგარე დაფიქსირდეს. ეს ნიშნავს, რომ თავდამსხმელი არ იქნება თამაშგარეში, თუ მისი სხეულის ნებისმიერი ნაწილი, რომლითაც გოლის გატანაა შესაძლებელი, მცველის პარალელურად ან მის უკან იქნება.
ჯანი ინფანტინომ მსოფლიო სპორტულ სამიტზე განაცხადა:
„ჩვენ ვაგრძელებთ თამაშის წესებზე დაკვირვებას. როგორ შევიყვანოთ თამაში უფრო შემტევ და მიმზიდველ ფაზაში? ჩვენ ვუყურებთ თამაშგარე წესს, მაგალითად, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა. თავდამსხმელი უნდა ყოფილიყო მცველის უკან, მცველის გასწვრივ... შესაძლოა, მომავალში თავდამსხმელი წინ იყოს“.
აქვე გეტყვით, რომ ამ წესს „ვენგერის წესსაც“ უწოდებენ. წლების განმავლობაში სწორედ არსენ ვენგერი იყო ის, ვინც თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების წესის ცვლილებას ითხოვდა.
