უოტფორდმა რექსემს ვერ მოუგო | ჩაკვე ცვლილებაზე შევიდა
ჩემპიონშიფის 21-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „რექსემს“ ესტუმრა - მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მხოლოდ 73-ე წუთზე გამოჩნდა.
ჩაკვეს შეტევაში საგოლე მომენტი არ შექმნია და Sofascore-ისგან 6.3-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 10-დან 9 ზუსტი პასი (90%), 12 შეხება ბურთთან, 1 წარუმატებელი დრიბლინგი, 3-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა. გიორგიმ ორჯერ დაკარგა ბურთი და შეტევის ჩაშლისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიში 21-ე წუთზე მასპინძელთა ფორვარდმა, ჯოშ უინდესმა გახნსა, თუმცა უკვე 30-ე წუთზე „კრაზანების“ თავდამსხმელმა, მამადუ დუმბიამ გაათანაბრა. 42-ე წუთზე ოთმან მაამამ „უოტფორდი“ დააწინაურა და პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:1 მოიგეს. მეორე ტაიმში „უოტფორდს“ რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია, „რექსემმა“ კი ანგარიშის გათანაბრება 92-ე წუთზე შეძლო - თავი ოლივერ რეთბოუნმა გამოიჩინა.
21 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 29 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში „კრაზანები“ 20 დეკემბერს „სტოკ სიტის“ უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა და ის მოედანზე მხოლოდ ნოემბრის ბოლოს დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 მატჩი აქვს ჩატარებული.