„რეალისთვის უფრო ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი“ - მილოშევიჩმა მბაპეზე ისაუბრა
მიმდინარე სეზონში „რეალის“ მიერ ესპანეთის პრიმერადივიზიონში გატანილი გოლების ნახევარი (32-დან 16), ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ნახევარზე მეტი (13-დან 9) კილიან მბაპეს ანგარიშზეა. თუმცა, მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ასპარეზობისა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ფრანგ ფორვარდს აკრიტიკებენ და თვლიან, რომ მას სამეფო კლუბისთვის სარგებელზე უფრო მეტად, ზიანი მოაქვს. ასეთთა რიგებს მიეკუთვნება წარსულში ცნობილი სერბი ფორვარდი სავო მილოშევიჩი, რომელმაც მბაპეს თაობაზე ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა.
სავო მილოშევიჩი
ვფიქრობ, კილიან მბაპე, ისევე როგორც ვინისიუს ჟუნიორი „რეალისთვის“ დიდი პრობლემაა. როგორც გინდა შედეგიანი იყოს, კილიანი ცენტრალური თავდამსხმელი არ არის. გასაგებია, ბევრი გააქვს, მაგრამ „სამეფო კლუბის“ დანარჩენი მოთამაშეები საერთოდ ვერ თამაშობენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ის „ბლანკოსს“ უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე აძლიერებს. როგორც ფეხბურთელი მბაპე ჰოლანდს მირჩევნია, თუმცა როგორც ცენტრფორვარდი ნორვეგიელი უკეთესია. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება ახლა რომ ტარდებოდეს, აუცილებლად ერლინგი მოიგებდა.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგაში გამართული საშინაო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო მადრიდელები „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1:2 დამარცხდნენ, რის გამოც ჩაბი ალონსოს მომავალი კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.