შენგელიას 14 ქულა ჰქონდა | ბარსელონამ ოლიმპიაკოსს შანსი არ დაუტოვა
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ევროლიგის ეგიდით ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
„ბარსელონამ“ გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვა. პირველი ტაიმის შემდეგ „ბლაუგრანა“ 3 ქულით იყო წინ - 42:39, მესამე პერიოდი კი 13 ქულით, 30:17 მოიგო და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია - 98:85.
შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 29 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. ამ დროის განმავლობაში, მისი მონაგარი ასეთი იყო: 14 ქულა, 6 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. „ბარსას“ მხრიდან მასზე მეტი ქულა მხოლოდ უილ კლაიბერნმა (28 ქულა) და კევინ პანტერმა (24 ქულა) დააგროვეს.
ცნობისთვის, „ბარსელონას“ 10 მოგება და 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. შენგელიას გუნდს მომდევნო შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატში ელის და 14 დეკემბერს, სტუმრად „მანრესას“ დაუპირისპირდება.