უეფას ახალგაზრდული ლიგა: დინამოს 19-წლამდელებმა მინსკის დინამოს მოუგეს
უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში თბილისის „დინამოს“ 19 წლამდე გუნდმა მინსკის „დინამოს“ 2:0 მოუგო. ფორმალურად თბილისური გუნდი სტუმრად თამაშობდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსული კლუბები საშინაო მატჩებს საზღვარგარეთ ატარებენ, მიმდინარე სეზონში კი ასეთ ქვეყნად საქართველო შეარჩიეს, დღევანდელი მატჩი თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართა.
ანგარიში მე-12 წუთზე თბილისელთა ფორვარდმა, ხალიდ დოლტმურზიევმა გახსნა. 5 წუთში კი მისი პასით უკვე გიორგი გვასალიამ გაიტანა.
დინამო თბილისი: ჩოჩოშვილი, გლუნჩაძე, ლომიძე, დიაკონიძე (მიქაუტაძე, 71), ხუციშვილი, ძნელაძე (გვაზავა, 81), ბერელიძე (კ), დანელია (ნათენაძე, 71), ოდიკაძე (დონკორი, 87), გვასალია, დოლტმურზიევი (ალექსიძე, 81).
ცნობისთვის, წინა ეტაპებზე „დინამომ“ ჯერ ბოსნიური „ზრინსკი“ დაამარცხა, შემდეგ კი კვიპროსულ „აეკ ლარნაკას“ სძლია.
„დინამო მინსკის“ წინააღმდეგ განმეორებითი მატჩი „დინამო არენაზე“ 10 დეკემბერს გაიმართება.