„ეს ფაქტი თოფურიას ისტორიაში უდიდეს მებრძოლს გახდის“ - მასვიდალმა ილიაზე ისაუბრა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა Fight Book MMA-სთან ინტერვიუში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და მისი ისლამ მახაჩევთან ან პედი პიმბლეტთან ჩხუბის ალბათობა განიხილა. მასვიდალმა აღნიშნა, რომ ისლამთან ჩხუბით თოფურია UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლი გახდება.
რას ამბობს მასვიდალი:
„როდესაც თოფურიას წააქცევ, ის ფეხზე მეტეორული სისწრაფით დგება, ამან კი შეიძლება აგანერვიულოს და თავდაჯერებაზე იმოქმედოს. ვერ გაიგებ, როგორ წავა ბრძოლა. ფაქტია, რომ თუ ისლამი წააქცევს და თოფურია ფეხზე წამოდგება, უკვე დიდი ენერგია ექნება დახარჯული, ეს კი ისლამთან ძალიან დიდი პრობლემაა.“
„მაგრამ მონეტის მეორე მხარე ისაა, რომ თუ ილია მახაჩევს დაამარცხებს, ის პლანეტაზე ერთადერთი მებრძოლი გახდება, რომელმაც სამი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაუმარცხებლად მოიგო. მასზე ვერავინ ვეღარაფერს იტყვის, ეს ფაქტი თოფურიას დიდების უმაღლეს მწვერვალზე აიყვანს.“
„რაც შეეხება თოფურიასა და პედი პიმბლეტის ბრძოლას, ეს ჩხუბი დენა უაითს 10 მილიონი დოლარით მეტს მოუტანს, ვიდრე ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას დაპირისპირება. ეს ბრძოლა ინგლისში და ესპანეთში ყველაზე დიდ სტადიონებს გაყიდის. არ ვიცი, შეიძლება ითქვას თუ არა იგივე გეიჯის ბრძოლაზე ამერიკაში. გეიჯი თავისუფლად გაყიდის T-Mobile-ის არენაზე დასასწრებ ბილეთებს, მაგრამ თოფურია და პიმბლეტი ესპანეთში ან ინგლისში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტადიონს მიიღებენ და დაახლოებით, 30-40 ათას მაყურებელს მოიყვანენ. მადრიდის „რეალის“ სტადიონმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის დაპირისპირებას სიამოვნებით უმასპინძლებს. მე არ ვარ UFC-ის პრომოუტერი, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მეორეს ავირჩევდი, რადგან ამ ბრძოლის გაყიდვა მარტივი იქნებოდა.“
რამდენიმე დღის წინ, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ მომდევნო წლის პირველ მეოთხედში პირადი პრობლემების გამო ვერ იჩხუბებს, რის გამოც, UFC-მ მსუბუქ წონაში პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის შორის დროებითი საჩემპიონო ბრძოლა ჩანიშნა. ამ ორ მებრძოლს შორის გამარჯვებულს კი ილია თოფურია შეხვდება. შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ ბოლოს მიმდინარე წლის ივნისში იჩხუბა, როცა ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.