„მხოლოდ მაშინ იწევს, როცა 20 კაცთან ერთადაა“ | პიმბლეტისა და ილიას შეხვედრა
პედი პიმბლეტმა საკუთარ Youtube არხზე ვიდეო გამოაქვეყნა. ინგლისელმა მებრძოლმა მაყურებელს კატარში გატარებული პერიოდის ამსახველი კადრები გაუზიარა, კამერებმა კი მისი და ილია თოფურიას შეხვედრაც გადაიღეს.
თოფურიამ და პიმბლეტმა ერთმანეთი შორიდან დაინახეს და UFC-ის დაცვამ მათ მიახლოების საშუალება არ მისცა. „რა ხდება ძმაო? დღეს როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა?“ - უთხრა ილიამ, რის საპასუხოდაც „ბედიმ“ მასზე კომენტარი გააკეთა.
„სასაცილოა ის, რომ მხოლოდ მაშინ ცდილობს რაღაც გააკეთოს, როცა 20 კაცთან ერთად არის, მე კი მარტო ვარ. ახლა არაფერი უცდია, უბრალოდ ჩემკენ წამოვიდა“, - აღნიშნა პიმბლეტმა.
როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის მარტში, როდესაც სასტუმროში ერთმანეთს შეხვდნენ, თოფურია პიმბლეტს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ინგლისელი მებრძოლის თქმით, ის მარტო იმყოფებოდა, ილიას კი 7-8 ადამიანი ახლდა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა დაპირისპირების დაწყება.
ცნობისთვის, „ელ მატადორი“ კატარში ალექსანდრე თოფურიას ბრძოლის გამო იმყოფებოდა, „ბედი“ კი ორ თანაგუნდელს უჭერდა მხარს. ალექსანდრე ბეკზატ ალმახანს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.