„ანორთოსისი ნამდვილ გუნდად აქცია“ | კვიპროსში ქეცბაიაზე ისაუბრეს
„ანორთოსისის“ პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა, სტელა მარკუმ თემურ ქეცბაიაზე ისაუბრა. მარკუმ ქართველი სპეციალისტი შეაქო და განაცხადა, რომ ქეცბაიამ „ანორთოსისი“ ნამდვილ გუნდად აქცია.
„მიმდინარე სეზონის პირველი რამდენიმე თამაშის შემდეგ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით და ქულების აღება დაგვჭირდა. რამდენიმე ელემენტია, რომელთა გაუმჯობესებაც აუცილებელია, მაგრამ თემურ ქეცბაიამ ანორთოსისი ნამდვილ გუნდად აქცია და განსხვავება ძალიან დიდია.
აეროპორტშიც იგრძნობა, რომ გუნდში განსხვავებული ატმოსფეროა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც გასახდელში ნამდვილი გუნდური ატმოსფეროა. ამას ყველა ხვდება და მაქსიმუმი კეთდება, რათა კლუბმა პროგრესს მიაღწიოს. ჩვენს მწვრთნელსა და მის შტაბს სრულ ნდობას ვუცხადებთ.“
შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისს“ 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. ფამაგუსტელები მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს გამართავენ და „აპოლონს“ დაუპირისპირდებიან.