„შერმადინი ევრობასკეტზე მეტ სათამაშო დროს იმსახურებდა“ - ხოშტარია სანაკრებო თემაზე
როდესაც ამა თუ იმ გუნდის თამაშის შეფასება დგება დღის წესრიგში, ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი პროფესიონალის მოსმენა, რომელიც მოცემულ მომენტში თუ არ არის, წარსულში მაინც მისი წევრი იყო და შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს. ამ მხრივ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების თამაშის შესაფასებლად ირაკლი ხოშტარიაზე კარგი რესპოდენტის მოძებნა საკმაოდ რთული საქმე გახლდათ, რადგან ეს უკანასკნელი ჩვენი ქვეყსნის ეროვნული გუნდის რიგებში ჯერ მოთამაშის, მოგვიანებით კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ამპლუაში მოღვაწეობდა. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხოშტარიამ უკრაინასთან მარცხის მიზეზებზე, თადეუს მაკფადენზე, კამარ ბოლდუინსა და გიორგი შერმადინზე საინტერესოდ ილაპარაკა.
ირაკლი ხოშტარია
როგორც ყველა გულშემატკივარს, ალბათ მეც იგივე აზრი მაქვს რომ დიდ შესვენებამდე და მის შემდეგ ორი განსხვავებული გუნდი ვიხილეთ. პირველი ნახევრის მერე უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა მიზანმიმართული და სწორი დასკვნები გააკეთა, რის ხარჯზეც სათანადო შედეგი მიიღო.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ გუნდს, ასე ვიტყოდი, ორი-სამ დღეში კიდევ ერთხელ რომ დავუპირისპირდეთ უკრაინელებს, აუცილებლად დავამარცხებთ. უბრალოდ ისე მოხდა, რომ მესამე-მეოთხე პერიოდში არც ფიზიკურად აღმოვჩნდით მზად და ცხადად იგრძნობოდა, რომ გუნდი მხოლოდ რამდენიმე დღის შეკრებილი იყო, რის გამოც შეთამაშების ხარისხი დაბალი გახლდათ და უკრაინელების სწრაფი შეტევების განეიტრალება პრობლემად იქცა.
დუდა სანაძემ სანაკრებო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ცუდი არ იყო თადეუს მაკფადენიც, თორნიკე შენგელიამ კი საოცრად გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სარგებლის მოტანა მაინც მოახერხა. აი, დანარჩენებს კი მეტის გაკეთებაც შეეძლოთ. იგივე კორსანტია და ანდრონიკაშვილი დასაწყისში ცუდად არ ასპარეზობდნენ, მთელი თამაში მაღალ დონეზე კი სანაძემ ითამაშა,
ხომ არ სჯობდა ევრობასკეტზე ბოლდუინის ნაცვლად მაკფადენს ეთამაშა? გადაჭრით ამის თქმა რთულია, რადგან თადეუსის ჩაგდებული მატჩებიც გვინახავს. გარდა ამისა, ის უკვე სოლიდურ ასაკშია, თუმცა მოკლე ტურნირისთვის კარგად მომზადება ნამდვილად შეეძლო.
მადლიერება მინდა გამოვხატო გიორგი შერმადინის მიმართ იმისთვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული გუნდისთვის გააკეთა. ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ გიორგი უბრალო და ძალიან კარგი ადამიანია, რომელიც საკუთარ საქმეს ყოველთვის უხმაუროდ, ქვედა დინებების გარეშე ასრულებდა, რის გამოც ყველა ფეხზე უნდა წამოვუდგეთ და ოვაციებით გავაცილოთ.
ევრობასკეტის მიმდინარეობისას პირადად მე მქონდა უკმაყოფილების შეგრძნება იმ მცირე წუთების გამო, რომელსაც შერმადინი იღებდა. შესაძლოა ალექსანდარ ჯიკიჩი ფიქრობდა, რომ სულ მალე გიოსთან განშორება მოუწევდა, მაგრამ ამის გამო მის ბოლომდე გამოყენებაზე უარი ნამდვილად არ უნდა ეთქვა. გუნდის შიდა სამზარეულოში არ ვიჭრები და მხოლოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სტუმრად ესპანელებთან გამართავს, რომელიც კვირას, 30 ნოემბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.