„სწრაფი კალათბურთის თამაში გვიჭირს“ - ნოდარ ქორქიას შეფასება
მსოფლიოს 2027 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო. ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებულმა ქართველმა კალათბურთელებმა „თბილისი არენას“ დარბაზში უკრაინელებთან 13-ქულიანი სხვაობით, 79:92 წააგეს. დიდ შესვენებაზე მასპინძლები უპირატესობით გავიდნენ, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და უკრაინელებმა გაიმარჯვეს. რამ გამოიწვია ეროვნული ნაკრების მარცხი და რა მოიშალა გუნდის მექანიზმში მეორე ნახევარში, ამის თაობაზე Crystalsport-ს საკუთარი შთაბეჭდილებები ვეტერანმა კალათბურთელმა ნოდარ ქორქიამ გაუზიარა:
„ყველაზე მეტად გული მწყდება იმის გამო, რომ ეროვნული ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სრული შემადგენლობებით ვერ ასპარეზობენ. შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ასე იყო, რომ საკვალიფიკაციო მატჩებს აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში თამაშობდნენ, რომლის დროსაც NBA-ს მოთამაშეებიც ჩამოსვლას ახერხებდნენ. ახლა ყველაფერი დაულაგებელია და ამ ყველაფრის გამო შესაძლოა ისეთ გუნდები ვერ მოხვდნენ პლანეტის პირველობაზე, რომლებიც საგზურის მოპოვებას რეალურად იმსახურებენ.
რა მოიშალა დიდი შესვენების შემდეგ? უკრაინელების 50-ე ნომერი ოლექსანდრ კოვილიარი ვერ გაანეიტრალეს ჩვენმა დაბლებმა. არადა ხედავდნენ, რომ ძალიან სწრაფი იყო, მაგრამ მაინც ერთი და იგივე შეცდომას უშვებდნენ, ახლოს მიდიოდნენ და ისიც სიჩქარით ასწრებდა და თანაც აშკარად წაუვიდა თამაში.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების წევრებიდან ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებ, რადგან ყველა ბოლომდე დაიხარჯა. თორნიკე შენგელიამ კიდევ ერთი გმირობა ჩაიდინა და ფაქტიურად აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში მოვიდა, რის გამოც მთელი ძალით ვერ ითამაშა. ერთადერთი რა შენიშვნაც მაქვს, გარედან სროლებს ყურადღება უნდა მიაქციონ და პერიმეტრიდან უფრო ბევრი ჩავაგდოთ, რადგან ამ კომპონენტში თითქმის ყველა მეტოქე გვჯობნის.
ჩვენი მთავარი მინუსი იცით რა არის? ქართველი კალათბურთელები და საქართველოს ნაკრები სწრაფ კალათბურთს რატომღაც ვერ თამაშობენ და შეტევაში ძალიან ნელა გადადიან. ვინც დაინიშნა ეროვნულ გუნდში, ყველა მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ნელი კალათბურთით უფრო მივაღწევთ შედეგს, რასაც პირადად მე არ ვეთანხმები. 65 წელიწადია სპორტის ამ სახეობაში ვარ და როგორცკი თბილისის „დინამო“, ან საქართველოს ნაკრები დუნე თამაშს იწყებს, შედეგს მაშინვე ვერ ვაღწევდით“.
ცნობისათვის, ნოდარ ქორქია ექვსჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, მოგვიანებით კი პოლონეთის პირველობის ოქროს მედლები პოზნანის „ლეხის“ შემადგენლობაში მოიგო. ის პირველი ქართველია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის კლუბი საერთაშორისო ტურნირზე გაიყვანა. 1992 წელს ქორქიამ ზაზა ღონღაძესთან ერთად „მერანი“ ჩამოაყალიბა და „კორაჩის თასზე“ ათამაშა, სადაც ორი მატჩის ჯამში „ფენერბაჰჩესთან“ დამარცხდა.