„გამოჯანმრთელდა და მზად არის“ | უოტფორდის მწვრთნელმა ჩაკვეზე ისაუბრა
„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ კლუბს არანაირი საკადრო პრობლემა არ აქვს.
ქართველმა ფეხბურთელმა გრძელი პაუზის შემდეგ პირველად „პრესტონის“ წინააღმდეგ ითამაშა. გრასიამ აღნიშნა, რომ „ჩაკვეს“ ყველაფერი მწყობრში აქვს და მის ორგანიზმს მოედანზე დაბრუნებაზე სათანადო რეაქცია ჰქონდა.
„ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და არანაირი ტრავმა არ გვაქვს. ყველა მუშაობს, რათა მომდევნო შეხვედრისთვის მზად იყოს. ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა და რამდენიმე წუთი ითამაშა. სხვა ფეხბურთელებიც მზად არიან.“
ცნობისთვის, ჩაკვეტაძემ 5 აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა და გუნდს 229-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რაც შეეხება „უოტფორდს“, 17 ტურის შემდეგ „კრაზანებს“ 24 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებენ.
„უოტფორდი“ მომდევნო შეხვედრას 1-ელ დეკემბერს გამართავს. „კრაზანები“ სტუმრად ითამაშებენ და თბილისის დროით 23:55-დან „ბირმინგემს“ დაუპირისპირდებიან.