„ფინიში მსურდა და არ გამომივიდა“ - ჩემპიონის კომენტარი
შერეული ორთაბრძოლების თანამედროვე ლეგენდებზე როდესაც იწყება საუბარი, ყველას პირველ რიგში ალექსანდრ ვოლკანოვსკი ახსენდება - ავსტრალიელმა მებრძოლმა რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უნიკალური შესაძლებლობები და 37 წლის ასაკში ბრაზილიელი დიეგო ლოპესი რემატჩში პრაქტიკულად უშანსოდ დაამარცხა, რითაც ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი კიდევ ერთხელ შეინარჩუნა. ბრძოლის დასრულების შემდეგ კი, ვოლკანოვსკიმ საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა:
„საწვრთნელ-მოსამზადებელი პროცესის დროს ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდით. ადრეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - გასაჭირი პრივილეგიაა და სირთულეები მუდამ დამატებით მოტივაციას მაძლევს. დღეს დაპირისპირება მომიწია ახალგაზრდა, ამბიციურ მეტოქესთან. სიმართლე გითხრათ, მისი დაფინიშება მსურდა და 25 წუთი ბრძოლა ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, თუმცა ეს ვერ შევძელი.
მზად ვიყავი იმისათვის, რომ ლოპესი შეცდომას დაუშვებდა. წინა ბრძოლის დროს სულ მარჯვნივ ვმოძრაობდი, რაც მას კარგად ჰქონდა შესწავლილი და სივრცეებს მიკეტავდა. ამის შემდეგ კი საქმეში სხვა ინსტრუმენტები ჩავრთე და ყველაფერი გამომივიდა. სწორედ ამისგან განვსხვავდებით ნამდვილი ჩემპიონები ნიჭიერი მებრძოლებისგან, რომ რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნა შეგვიძლია.
ბრძოლის დროს მნიშვნელოვანია სიმტკიცე, თავდადება, დისციპლინა, დარტყმების სეტყვის ქვეშ სიმშვიდე და სირთულეებთან ადაპტაცია - მე ყველა ეს უნარი გამაჩნია. ამიტომაც მომავალში ნებისმიერთან დასაპირისპირებლად მზად ვარ, იქნება ეს მოვსარ ევლოევი, თუ ლერონ მერფი“.
ცნობისათვის, ალექსანდრ ვოლკანოვსკი UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი პირველად 2019 წლის 14 დეკემბერს, მაქს ჰოლოუეის დამარცხებით გახდა. ილია თოფურიასთან დანოკაუტების გამო ტიტული დაკარგა, შემდეგ დაიბრუნა და საერთო ჯამში ქამარი ხუთჯერ დაიცვა.