კახა კაჭარავა
Aa
Aa

„გუნდურობა სადღაც გაქრა“ - კაჭარავა ნაკრების პრობლემებზე

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გულშემატკივარს იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუა. რა თქმა უნდა, არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ ესპანეთის კალიბრის მეტოქის დამარცხებას ვილი სანიოლის მომზადებული გუნდი შეძლებდა, თუმცა ბევრს გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ „ფურია როხას“ გოლგაუშვებელ სერიას მიმდინარე შესარჩევში სწორედ „ჯვაროსნები“ დაასრულებდნენ, რაც სამწუხაროდ არ გამართლდა. „სელესიონთან“ ჩატარებული მატჩსა და საქართველოს ეროვნულ გუნდში ბოლო პერიოდში არსებულ სიტუაციაზე Crystalsport-თან ინტერვიუში კახა კაჭარავამ საინტერესოდ ისაუბრა.

კახა კაჭარავა

საქართველოს ნაკრებზე ასე გადაჭრით ცუდს ვერ ვიტყვით, რადგან ესპანეთი მსოფლიოში უძლიერესი გუნდია და მუნდიალის მოგების კანდიდატია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ფეხბურთელების მხრიდან იყო ბევრი შეცდომები, რამაც ასეთი კალიბრის გუნდთან უფრო მეტად იჩინა თავი.

როდესაც მეტოქეს 70-პროცენტიანი ბურთის ფლობა აქვს, ამ დროს ძნელია, რომელიმე სათამაშო რგოლის თამაში შეაფასო. ისეთი მატჩი გამოდგა, რომ საქართველოს ნაკრების არც მცველი ჩანდა, არც ნახევარმცველი და არც თავდამსხმელი.

ტაქტიკა და შემადგენლობის შერჩევა მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ როდესაც ესპანეთის ნაკრებს უპირისპირდები, ალბათ უფრო უპრიანი იქნება მეორე ნომრად და ხუთი მცველით თამაში. გარდა ამისა, დაცვის ფლანგები მოშლილი იყო, რადგან ოთარ კაკაბაძე არ გვყავდა, გიორგი გოჩოლეიშვილისთვის კი რაც არ უნდა ვთქვათ, მარცხენა ფრთა უცხოა.

მე არ ვიცი რა მოხდა ლაშა დვალთან და ირაკლი აზაროვთან მიმართებაში. თამაშების შემდეგ ყოველთვის ხდება მცირე გაუგებრობები, რომელიც შიგნით უნდა დარჩეს და საჯარო საუბრის თემა არ გახდეს. მეც მქონია ეგეთი მომენტები, რომ ფეხბურთელისთვის შენიშვნა მიმიცია და რა თქმა უნდა, მოთამაშისთვის რთულია ამის მოსმენა, რადგან ისიც ემოციურად არის განწყობილი და ალბათ, ამ შემთხვევაშიც რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ფაქტიაა და ნათლად გამოჩნდა, რომ ცენტრალურ ზონაში დვალი დაგვაკლდა.

ამოწურა თუ არა ვილი სანიოლმა რესურსი, ამაზე საუბარი ჩემი მხრიდან რთულია, რადგან არ ვიცი რა ხდება გუნდის შიდა სამზარეულოში. ადრინდელ მატჩებს რომ შევადაროთ, საქართველოს ნაკრები უფრო გუნდურად ასპარეზობდა, ახლა კი ისე გამოჩნდა, რომ ყველა ფეხბურთელი თითქოს საკუთარ თავზე თამაშობს და ჩვენი ხელწერაც დაიკარგა. შეიძლება ეს ყველაფერი სანიოლის ბრალიცაა და ფეხბურთელებისაც, ცალმხრივად არავის გაკრიტიკება არ ღირს.

ცნობისათვის, საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული 5 მატჩიდან 1 მოიგო, 4 წააგო, მეტოქე გუნდების კარში 6 ბურთი გაიტანა და 13 მიიღო. შესარჩევ ციკლს „ჯვაროსნები“ ხვალ, ბულგარეთთან საგარეო შეხვედრით დაასრულებენ, რომელიც თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კაშია ნაკრებისთვის დღემდე დიდი ძალაა“ - კვირკველიას შეფასება
„კაშია ნაკრებისთვის დღემდე დიდი ძალაა“ - კვირკველიას შეფასება