10 ქულა აქვთ და საკვალიფიკაციო პლეიოფი გაინაღდეს | კოსოვოს სასწაული
კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს. ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში კოსოვო სტუმრად სლოვენიას დაუპირისპირდა. ბალკანელებმა 2:0 იმარჯვეს და მუნდიალის საკვალიფიკაციო პლეიოფი გაინაღდეს.
შეხვედრაში ანგარიში მეექვსე წუთზე გაიხსნა. ფისნიკ ასლანიმ შესანიშნავად იმოქმედა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 53-ე წუთზე სლოვენია რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, 64-ე წუთზე კი ზან კარნიჩნიკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
ამრიგად, ხუთი ტურის შემდეგ კოსოვოს 10 ქულა აქვს და ბოლო ტურის წინ, სლოვენიას 7, ხოლო შვედეთს 9 ქულით უსწრებს. კოსოვო მხოლოდ შვეიცარიას ჩამორჩება, რომელსაც 13 ქულა აქვს. ბოლო ტურში სწორედ ეს ორი გუნდი ხვდება ერთმანეთს და თეორიულად, კოსოვოს პირველი ადგილის დაკავებაც შეუძლია.
შვეიცარია სტუმრად ითამაშებს და კოსოვოს 6-ბურთიანი გამარჯვება ესაჭიროება, რათა პირველ ადგილზე გავიდეს, რაც ალბათ, წარმოუდგენელია. სამაგიეროდ, კოსოვო პლეიოფში იასპარეზებს და მუნდიალზე მოხვედრას შეეცდება.