„მჯერა წაგებების სერია მალე შეწყდება“ | კიტემ ესპანეთთან მატჩი შეაფასა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა. საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში „ჯვაროსნები“ ესპანეთს დაუპირისპირდნენ და 0:4 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ „ფურია როხასთან“ გამართული შეხვედრა ოთარ კიტეიშვილმა შეაფასა.
„რა თქმა უნდა, ყველას განსხვავებული მოლოდინები გვქონდა, მაგრამ რთულია, და მოლოდინების შექმნის დროსაც სიფრთხილეა საჭირო. ყველას გვინდა მოგება — ჩვენ პირველ რიგში. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენზე მეტად არავის უნდა ისევ ის სიხარული და ბედნიერება მოვუტანოთ ქართველ ხალხს, რაც აქამდე მოგვიტანია ევროპის ჩემპიონატზე გასვლისა და თამაშის სახით.
რთული პერიოდი და რთული ფაზა იყო. ნაკრებში ცვლილებებიც ხდება, ახალგაზრდა ფეხბურთელები მოდიან და ჩემი აზრით, ეს წარუმატებლობაც პროცესის ნაწილია. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ყველაფერი უკეთ წარმართულიყო, მაგრამ მუშაობაა საჭირო. მჯერა, წაგებების სერია მალე შეწყდება და ჩვენი თამაშის ხარისხიც უფრო და უფრო უკეთესი გახდება.
დღეს გუნდში კარგი განწყობა იყო. წინა შესარჩევთან შედარებით ბევრად განსხვავებული დამოკიდებულება ვნახეთ ფეხბურთელებმა ერთმანეთისგან. ჩვენ ვართ საქართველოს ნაკრები და დღეს ამას ვგრძნობდით. მუშაობას გავაგრძელებთ. რთულია ასეთი თამაშების საკუთარ კედლებში ასეთი ანგარიშით წაგება. რთულია, მაგრამ ყველა თამაშში უნდა ვიპოვოთ პოზიტივი, მივიღოთ გაკვეთილი და გამოვასწოროთ, რაც გამოსასწორებელია.“
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების მხრიდან დუბლით მიკელ ოიარსაბალი გამოირჩა, თითო-თითო გოლი კი ფერან ტორესისა და მარტინ სუბიმენდის ანგარიშზეა. ამ გამარჯვების შემდეგ „ფურია როხამ“ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში პრაქტიკულად გაინაღდა.