გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ესპანეთთან 0:4 დავმარცხდით | საქართველოს ნაკრებს მსოფლიოზე გასვლის შანსი აღარ აქვს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ესპანეთს დაუპირისპირდა. მატჩი „ფურია როხას“ გამარჯვებით დასრულდა და „ჯვაროსნებს“ მუნდიალზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვთ — 0:4.

შეხვედრა ესპანელთა უპირატესობით დაიწყო და მეშვიდე წუთზე, ფერან ტორესის ჩაწოდების შემდეგ, გიორგი გოჩოლეიშვილს ბურთი ხელზე მოხვდა. მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მატჩის მთავარმა არბიტრმა, ბენუა ბასტიენმა, თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც მიკელ ოიარსაბალმა გამოიყენა.

პირველი გოლის შემდეგ თამაშის სცენარი არ შეცვლილა. მე-18 წუთზე გიორგი მამარდაშვილის კარის აღება ალეშ ბაენას შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა ძელს მოხვდა. 22-ე წუთზე ესპანელებმა მეორე ბურთი მაინც გაიტანეს. ფაბიან რუისის ბრწყინვალე პასით მარტინ სუბიმენდიმ ისარგებლა და შეტევა წარმატებით დააგვირგვინა.

მეორე გოლის შემდეგ რამდენიმე იერიში გვქონდა და კარისკენაც დავარტყით. ზურიკო დავითაშვილის გასროლა მცველებმა დაბლოკეს, 34-ე წუთზე კი „ფურია როხამ“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ამჯერად თავი ფერან ტორესმა გამოიჩინა — 3:0. ნახევრის ბოლოს სტუმრებს მეოთხე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა „მამარდამ“ ურთულესი ბურთი მოიგერია.

მეორე ტაიმის სტარტზე ესპანეთის ნაკრები შედარებით ინერტული იყო. საწყის 10 წუთში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, 61-ე წუთზე კი პირველი ზუსტი დარტყმა გვქონდა. ანზორ მექვაბიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაუშვა და ბურთს უნაი სიმონი დაეუფლა. 2 წუთში ესპანელებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს. ოიარსაბალმა დუბლი მიითვალა და მამარდაშვილის კარი თავური დარტყმით აიღო - 0:4.

74-ე წუთზე „ჯვაროსნების“ მეკარემ ბორხა იგლესიასს აჯობა და პირისპირ დარჩენილ ესპანელს რთული ბურთი აუღო, რის შემდეგაც კონტრშეტევა მივიღეთ. კვარაცხელიას კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ უნაი სიმონის კუთხეში დაარტყა და „ფურია როხას“ კიპერმა დამაჯერებლად ითამაშა.

87-ე წუთზე ძალიან კარგი შანსი გვქონდა. გოჩოლეიშვილის ჩაწოდების შემდეგ ესპანელმა მცველებმა ცუდად ითამაშეს და კინაღამ ავტოგოლი გაიტანეს, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. რამდენიმე წამში მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა და მორიგი რთული ბურთი აიღო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ესპანეთმა 4:0 მოიგო.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს იკავებს. „ჯვაროსნები" თურქეთს 9 ქულით, ხოლო ესპანეთს 12 ქულით ჩამორჩებიან. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი მატჩია დარჩენილი, რომელსაც ბულგარეთთან გავმართავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მოიგო, P4P რეიტინგში პირველზე გადავა?“ | რას ამბობს უაითი მახაჩევზე
„თუ მოიგო, P4P რეიტინგში პირველზე გადავა?“ | რას ამბობს უაითი მახაჩევზე