ხვიჩა კვარაცხელია, ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

„დე ლა ფუენტეს ორკესტრი, კვარა შვიდი მეტოქის წინააღმდეგ“ | რას წერს Marca

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში ესპანეთთან 0:4 დამარცხდა. „ფურია როხას“ დომინანტურ გამარჯვებას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca საინტერესო სტატიით გამოეხმაურა.

„სცენაზე ავიდა, ჰიმნს მოუსმინა, მაგიდა გაასწორა, წყალი დალია და მისმა გუნდმა თბილისური მონოლოგი დაიწყო, რომლის მიზანიც მსოფლიო ჩემპიონატზე VIP ბილეთით გასვლა იყო. სკანდალების, მცირე უთანხმოებების, სამედიცინო მოხსენებებთან დაკავშირებული პრობლემებისა და დანაკლისის მიუხედავად, ესპანეთმა იმდენი მოახერხა, რომ ოცი წუთის შემდეგ თამაშს აზრი ჰქონდა დაკარგული. თუ ნებისმიერი გუნდისთვის კოშმარული როდრისა და პედრის დუეტი მოედანზე არაა, ლუის დე ლა ფუენტეს სუბიმენდი, მერინო, ალეშ ბაენა, ფაბიან რუისი და სხვები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში გემი მარტივად მართონ.

ესპანეთს ჰქონდა გეგმა და ის სისრულეში მოიყვანა. ფეხბურთის თამაში მარტივია. ფეხბურთის ისე თამაში, როგორც ამას ესპანეთი აკეთებს, ძალიან რთულია. დე ლა ფუენტეს ორკესტრში სუბიმენდიმ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა — გუნდს ისე მართავდა, თითქოს ერთი არასწორი პასიც აკრძალული ყოფილიყო. მოედნის ბოლო მესამედში, თითქოს მოქმედი პოლკოვნიკი ყოფილიყო, იდგა მიკელ ოიარსაბალი, რომელიც ისე ოსტატურად ურტყამს პენალტს, როგორც თავით გააქვს გოლები.

ესპანეთის ეს ნაკრები იმდენს ახერხებს, რომ მეტოქეებმა უკვე „ფურია როხას“ ემბლემის დანახვისას იციან, რომ წააგებენ. ეს მომაკვდინებელი დაშინების ტაქტიკაა: ერთი გუნდი თამაშობს, მეორე კი მხოლოდ უყურებს და იმედი აქვს, რომ საკუთარ ისტორიაში კატასტროფული მარცხის ჩაწერას თავიდან აირიდებს.

ქართველებმა თამაში თავადვე ჩაკეტეს — თითქოს გადარჩენის არასწორი ტაქტიკა აირჩიეს. მამარდაშვილს ასეთი წნეხისთვის მხოლოდ სასწაულების სერია თუ გააძლებინებდა. ქართველმა მეკარემ ორი კვირის განმავლობაში „რეალის“, „სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და უსამართლობაა, ამის გამო საქებარი სიტყვები ვერ მიიღოს.

საქართველოსთვის ხვიჩა კვარაცხელიას ყოლა დიდი ფუფუნებაა, თუმცა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბისთვის ასეთი მატჩები წამებაა. ის შვიდი მეტოქის წინააღმდეგ მარტო რჩება და შეუძლებელია, მსგავს სიტუაციებში განსხვავება შექმნას.

ესპანეთს ვიწრო სივრცეებში კარგად უნდა ეთამაშა და სწორედ ეს გააკეთა. საწყის წუთებში გიორგი გოჩოლეიშვილმა პენალტი აიკიდა, რომელიც ოიარსაბალმა გარდასახა. ამის შემდეგ ესპანეთმა საქართველოს ნაკრები საკუთარი თავის აჩრდილად აქცია. ბაენამ ძელს გაარტყა, ფაბიანმა კი სუბიმენდის საოცარი პასი მისცა და ამ უკანასკნელმა შეტევა რომარიოს მსგავსად დააგვირგვინა. ფერანმაც გაიტანა და სუბიმენდიმ დუბლი გაიფორმა“, — წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს. „ჯვაროსნები“ თურქეთს 9 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო „ფურია როხას“ — 12-ით. ჩვენი მომდევნო მეტოქე ბულგარეთია, რომელსაც 18 ნოემბერს შევხვდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიაზე მაღლა დააყენა | სენ-პიერი თვლის, რომ ისლამი UFC-ის საუკეთესო მებრძოლია
ილიაზე მაღლა დააყენა | სენ-პიერი თვლის, რომ ისლამი UFC-ის საუკეთესო მებრძოლია